,,მურუსიძის დიმპიტაურზე რეაქციებს ვკითხულობ – გასაყრელები რომ არიან, ძირითადად ამაზე წერენ.
მართლაც რას გვანან. რა სამარცხვინოები არიან – პირველი თავში აზრად გაყრა მოგივა.
მოსამართლეები „გაყარეს“ და საკვალიფიკაციო გამოცდების და გასაუბრების შედეგად დაინიშნენ 90-იანი წლების ბოლოს.
მოსამართლეები გაყარეს ვარდების რევოლუციის შემდეგაც.
მაგრამ უღირსი და კორუმპირებული მოსამართლეების გაყრამ სასამართლოს არ უშველა. პირიქით, რიგ შემთხვევაში სასამართლოზე ზეწოლადაც კი იქნა აღქმული – მოსამართლე, რომელსაც ქრთამი გარდაუვალ აუცილებლობად ჰქონდა განმარტებული, მსხვერპლად წარმოჩინდა.
ეს ხალხი ცხადია გასაყრელია.
მაგრამ გაყრა საქმეს არ უშველის.
მართლმსაჯულების პრობლემას სისტემური პასუხი სჭირდება.
თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა სისტემურად არ გადაწყდა, მურუსიძეების გაყრა საქმეს არ უშველის, მათ ადგილას ახალი მურუსიძეები ამოვლენ.
ამასთან, თუ მართლმსაჯულება მთლიანად ხელისუფლების ხელში დარჩა, ძალიან გაუჭირდებათ სისტემის დანიშნულ მოსამართლეებს სასამართლო დამოუკიდებლობის ტრადიციის შექმნა.
ნაფიცი მსაჯულები მოსამართლეებსაც დაეხმარება დამოუკიდებლები იყვნენ, რადგან პასუხისმგებლობას რიგითი მოქალაქეები გადაინაწილებენ და სისტემის დანიშნულ მოსამართლეს გააწონასწორებენ.
ნაფიცი მსაჯულები გასაგებს გახდის მართლმსაჯულების პროცესსაც.
დღეს სამართლის ენის გაგება ჩემთვისაც კი შეუძლებელია. არ მესმის ადვოკატი, პროკურორი და მოსამართლე რას ლაპარაკობენ სრულიად უინტერესოდ და მონოტონურად.
როდესაც ისინი იძულებულნი იქნებიან ნაფიც მსაჯულებს, რიგით მოქალაქეებს, არაიურისტებს დაუმტკიცონ თავიანთი სიმართლე, ენასაც განავითარებენ და გასაგებს გახდიან – წინააღმდეგ შემთხვევაში შეჯიბრებით პროცესს წააგებენ.
იმისთვის რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვოს, მართლმსაჯულების ენა გასაგები უნდა გახდეს.
ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელი სისტემური ნაბიჯი იმისთვის, რომ სასამართლოს გაწმენდამ შედეგი გამოიღოს და მურუსიძის ადგილას, ახალი მურუსიძე არ ამოვიდეს, რომელიც ქართულ საზოგადოებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის მიყენებულ ზიანს არ იკმარებს და ქართულ პოლიფონიასაც შეურაცხყოფს ყოვლად ამაზრზენი ბღავილით.” _ წერს ,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.