დღეს, დილიდან, კიდევ უფრო აქტიურია თხილის ფასის თემა ოზურგეთში.
ერთი კილოგრამის ფასი უკვე 3.20 და 3.30 ლარს შორის მერყეობს. აქ ახლა გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან ნახავთ თხილის ჩასაბარებლად მოსულ ხალხს და გურულების ბჭობის მოსმენაც უფრო საინტერესო და ხშირად ღიმილის მომგვრელიცაა.
_ ჩოხატაურიდან ჩამოვედი. საქმე მქონდა და გამოვაყოლე ხელს თხილიც ჩასაბარებლად. ჩვენთან მარტო კვირაობით იბარებენ. აქ, სადაც გაიხედავ, ყველგან მიიტან. კაი ფასი აქ, ჯერ ნედლია. რომ არ ტეხენ კი მოგვწონს ეს ხალხს. ახალი პლანტაცია მაქვს და მაინც კარგად ასხია. ნიშანი აქვს, ასე ვთქვათ. ბაღნები ყველაზე ძაან არიან შესეული… ხურდა ფული ახლა ყრია მაგენიზა თხილის ძირში, _ ხუმრობით დაასრულა „გურია ნიუსთან“ საუბარი ჩოხატაურელმა მიხეილ ჯოყილაძემ.
მაკვანეთელი მანანა სიხარულიძე ფაროსანაზე ჯავრობს.
_ მოსავალი კარგია, მაგრამ თხილის ძირში რო გაივლი, ფაროსანა თავზე გაცვივა. წელს არ შეუწამლავთ. რა ვიცი, ბევრი იძახის, არ არისო და ჩვენთან სავსეა, გვალვაც იყო და საკმაოდ ჩამოიყარა უმწიფარი ნაყოფი. ფასი კარგია, რა უჭირს, გატეხვას რომ დაიწყებენ, კი დაგვწევენ მაინც უკან, _ გვითხრა მან.
ლანჩხუთიდან ჩამოსულ ქალბატონს, ნონა ჩხარტიშვილს „ბერძნულა“ აქვს ჩამოტანილი და წუხს, რომ, ჯერჯერობით, იგივე ფასი აქვს, რაც „გულშიშველას“.
_ სექტემბერში დაიწყებენ ტეხას და როცა კაი გამომშრალ -გამხმარი იქნება, კი წეიღებენ ამის ნახევარ ფასად, რაც ახლაა, _ დაასკვნა მან.
ცალკე მდგომი სამეული, გივი ლომჯარია, ვასო სალუქვაძე (და მესამემ ვინაობა არ გვითხრა), უფრო ხუმრობაზე იყვნენ გადართული:
_ წელს ნამეტანი საომარი არჩევნებია და რა იცი შენ, შეიძლება, აი, არჩევნები და თხილის ფასი საცხა, მგონი, შეხთენ ერთმანეთს გზაში და შუუქციენ კიდეც ერთმანეთს გვერდი, „ხელი ხელს ბანსო“… რაცხა, ასე იქნება, მგონია მე, _ ვარაუდობს ბატონი გივი.
_ მეც მასე ვფიქრობ, კი იძახიენ ბიზნესია, არაა მთავრობის საქმეო, მარა… ამდენი ასხია ამ დალოცვილს და ასეთ დროს ფასი უფრო ქვევით იყო. ვნახოთ, თუ შეგვარგებენ ბოლომდე, _ დაეთანხმა ბატონი ვასო.
მესამე კი, ვინც არაფრით არ გაგვიმხილა ვინაობა, მეგობრებს „მარჩიელობა“ დაუწუნა, ორჯერ მეტი უნდა იყოს თხილის ფასი და კიდე იმდენს იძახით, არ ტეხენო, არ გაგიკვირდეთ, სამ დღეში აქ ჩაქუჩიანები რომ დაგხვდეთო.
ამასობაში, თაყაიშვილის ქუჩაზე ამბავი მოიტანეს, ბავშვთა საავადმყოფოსთან ერთ კილოგრამ თხილს, 3,30 ლარად იბარებენ და იქ ხომ არ წავსულიყავითო…
მოკლედ, ოზურგეთში, ასეა თუ ისე, ჯერჯერობით, თხილის ფასი მზარდ ნიშნულზეა და უმეტესად, ხალხს 40-50 კილოგრამამდე (ან უფრო ნაკლები) რაოდენობით მიაქვს ჩასაბარებლად. ფაქტია, ჯერ ვეგეტაციის პერიოდი დასრულებული არ არის და უფრო საადრეო ჯიშებს არჩევენ ან დანის დახმარებით აშორებენ ქუჩეჩს.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე