ნება მომეცით რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნოთ და იმ დროს დაფიქსირებული რამდენიმე კრიმინალური ისტორია გაგახსენოთ.
ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ჯემალ მინდაძე იქნება. ეს პიროვნება წლების განმავლობაში რუსეთში მუშაობდა და ერთხელაც „პოლიტიკურ–კრიმინალური“ შემთხვევის მოწმე გახდა.
„ზავიდოვოს სამონადირეო მეურნეობა მოსკოვის მახლობლად მდებარეობდა და ნადირობის თავგამოდებული ტრფიალი, ლეონიდ ბრეჟნევი იქ ყოველ კვირას ჩამოდიოდა. მე კი იქ მეტყევედ ვმუშაობდი და იქაურობის მოვლა-პატრონობა მევალებოდა.
ერთხელ ბრეჟნევმა ზავიდოვოში ბულგარეთის ლიდერი ტოდორ ჟივკოვი, უნგრეთის ლიდერი იანოშ კადარი და რუმინეთის ლიდერი ნიკოლაუ ჩაუშესკუ წაიყვანა სანადიროდ, თან მთელი საბჭოთა პოლიტბიუროც იახლა. ლეონიდ ილიჩმა ორი ტახი მოკლა და ბრძანა, მწვადები მოემზადებინათ და მონადირის ფაცხაში მიეტანათ. იქ ყველა „ბობოლა“ იყო შეკრებილი და არაყს შეექცეოდნენ, თან რუსულად საუბრობდნენ, რადგან სტუმრებმა ბრწყინვალედ იცოდნენ რუსული. ზავიდოვოში ერთი გალელი მზარეული – ტიტე სამუშია მუშაობდა. ის სულ რაღაც ორი დღის დანიშნული იყო და მაღალი თანამდებობის პირებთან პირველად ჰქონდა შეხება.
ტიტემ ღორის სუკის მწვადები შეწვა, დიდ ლანგარზე დააწყო და მოქეიფე მაღალჩინოსნებს მიუტანა. ლანგარი მაგიდაზე დადო და გაღიმებულმა თქვა: „კუშაიტე სუკი, ოჩენ ვკუსნი“. საცოდავი ტიტე „სუკებში“, რა თქმა უნდა, ხორცს გულისხმობდა, რუსულ ენაზე კი ეს სიტყვა „ძუკნას“ ნიშნავს. ამიტომ, ტიტე ევროპული პოლიტიკური ელიტის შეურაცხყოფისთვის, სამსახურიდან გააგდეს. თუმცა, ბრეჟნევმა ის მალევე უკან დააბრუნა და ხშირად იხსენებდა, თუ როგორ უწოდა ტიტემ ევროპელ ლიდერებს ძუკნები, რაც არცთუ ისე შორს იყო სიმართლისგან“.
მომდევნო რესპონდენტი ბატონი ნოდარ ბელთაძე იქნება, რომელიც პოლიტიკურს არა, მაგრამ კრიმინალურ ისტორიას კი გაიხსენებს.
„ერთხელ, ერთ იატაკქვეშა მილიონერის დასაპატიმრებლად გაგვგზავნეს და უფროსმა გვითხრა:
– იცოდეთ, კაპიკი არ აიღოთ და სრული ფაქტებით მომიყვანეთო.
იუველირს მოსე ერქვა. ერთ-ერთ ძველ უბანში, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. სარდაფში კი სახელოსნო ჰქონდა. მისი დაჭერის მიზეზი ბათუმიდან ჩამოტანილი კონტრაბანდა უნდა გამხდარიყო. ჩვენმა აგენტმა გვაცნობა, რომ მოსეს კონტრაბანდა მიღებული ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა, არ იცოდა. თუმცა, ოქრო უნდა ყოფილიყო, ან ძვირფასი თვლები.
მოსეს რომ სახელოსნოში შევუცვივდით, ის უზარმაზარი ღუმელის წინ იდგა და ყალიბიდან ბრჭყვიალა ნივთებს იღებდა. ჩვენი დანახვა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და გვითხრა:
– მობრძანდით, დაგენაცვლე, დაბრძანდით და მოვილაპარაკოთ.
– არანაირი მოლაპარაკება. ჩვენს უფროსს შენ სჭირდები და გამოაჩინე მთელი კონტრაბანდა, – მივუგეთ მოსეს.
– ბევრი არაფერი მაქვს, დაგენაცვლე, – გაეცინა მოსეს და მხრები აიჩეჩა.
ჩვენმა უფროსმა რკინის ბრჭყვიალა ნაჭრებს თვალი შეავლო და მოსეს ირონიულად უთხრა:
– ეს ოქროს ნაჭრები, ალბათ, ბებიაჩემისაა, ხომ?
მოსემ ისევ გაიცინა და სანამ ჩვენ რკინებს ვათვალიერებდით, მან პატარა საანგარიშო აიღო ხელში, რომელზეც ას ოცდაათი ცალი ქვა იყო ასხმული. შემდეგ საანგარიშოდან ოცდათერთმეტი ქვა მოხსნა და ღუმელში შეყარა, თან ჩვენ გაგვიცინა.
– რანაირი საანგარიშოა, მოსე, ას ოცდაათი ქვა რომ აქვს? – დაინტერესდა ჩვენი უფროსი, – ან რა ფასონის შუშის ქვებია მასზე და მათი ნაწილი ღუმელში რატომ შეყარე?
– ეს, დაგენაცვლე, ბრილიანტებია, – მშვიდად მიუგო მოსემ, – თითოეული ათასი მანეთი ღირს და ზედმეტი ქვები გავარვარებულ ღუმელში გავანადგურე, ბრილიანტს ასეთი თვისება აქვს, ცეცხლში ნახშირად იქცევა და გამოუსადეგარია. თქვენ რომ ოქრო გგონიათ, ის კი სპილენძია და ტყუილად ირჯებით.
მთელი ეშმაკობა კი ის იყო, რომ იმ პერიოდში, ვისაც ასი ათასი მანეთის უკანონო ქონებას აღმოუჩენდნენ, ხვრეტდნენ… მოსემ კი ასოცდაათიათასიანი მძივებიდან ოცდათერთმეტი ათასის ღირებულების გაანადგურა და ამგვარად გადარჩა დახვრეტას“.
დღევანდელ მოგონებებს ბატონი კლაუს ბილიხოძე დაასრულებს.
„ეს დაუჯერებელი ამბავი სინამდვილეში მოხდა: მილიციის კრიმინალურ განყოფილებაში, სადაც მე ვმუშაობდი, ერთი სტაჟიორი მომამაგრეს. მას პეტა ერქვა, იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და პირადად მილიციის სამმართველოს უფროსის გამოგზავნილი იყო.
პეტას პირველივე სამუშაო დღეს ქურდების მსხვილი ბანდა ავიყვანეთ და მათგან ბლომად ძვირფასეულობა ამოვიღეთ. მათ შორის იყო ბრილიანტისთვლებიანი 25 ცალი ოქროს ბეჭედიც. მე სტაჟიორს ვუხმე და ვუთხარი, რომ ბეჭდები შესაფასებლად ექსპერტთან ჩაეტანა, შემდეგ ბეჭდები სეიფში შეენახა და ჩემთან დასკვნა ამოეტანა.
სტაჟიორი წავიდა. მაქსიმუმ ერთ საათში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ის ორი საათის შემდეგაც არ ჩანდა. უკვე ექსპერტთან დარეკვას ვაპირებდი ამბის გასაგებად, რომ პეტაც გამოჩნდა. მან გვერდით გამიხმო და მითხრა:
– ბატონო კლაუს, უფროსს წილს თქვენ მიუტანთ თუ მე ავუტანო?
– რა წილს, ბიჭო? – ავიჩეჩე მხრები.
სტაჟიორმა პეტამ გაკვირვებით შემომხედა, შემდეგ ფულის დასტა ამოიღო, რომელიც სამ ნაწილად ჰქონდა გაყოფილი და მითხრა:
– აი, აქ სულ 25 ათასი მანეთია. აქედან 5 ათასი ჩემია, 10-10 ათასი კი – თქვენი და სამმართველოს უფროსის… – პეტამ გამიღიმა და დაამატა: – ისე, როგორც წესია მილიციაში, ბატონო კლაუს…
უცებ ყველაფერს მივხვდი, წელში გამაცია და გავფითრდი. როდესაც ექსპერტმა პეტას ნაქურდალი ბეჭდები შეუფასა და დასკვნა მისცა, სტაჟიორმა სეიფის ადგილმდებარეობა იკითხა, ერთ-ერთი ექსპერტი კი მას ეხუმრა და უთხრა:
– ბიჭო, „სეიფი” პირობითი სიტყვაა, სინამდვილეში ეს ბეჭდები ტალკუჩკაზე უნდა წაიღო და იაფად – თითოეული ათას მანეთად მიჰყიდო ვაჭრებს. ცოტა შენთვის დაიტოვო, დარჩენილი თანხა კი შუაზე გაყო და შენს კურატორსა და სამმართველოს უფროსს გაუნაწილო…
მილიციას ისე ჰქონდა სახელი გატეხილი, რომ, როგორც ჩანს, პეტაც ფულის საკეთებლად იყო ჩვენთან მოსული, ამიტომ, ეს სიტყვები სიმართლედ მიიღო და ბეჭდები „ტალკუჩკაზე“ ებრაელებს „მიასუხარა“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ებრაელებიც „ავყარეთ“, ბეჭდებიც ჩამოვართვით მათ და არც ის 25 ათასი მანეთი დაგვიბრუნებია. პეტა კი პირველივე დღეს თვითონ მისმა პროტეჟემ დაითხოვა სამსახურიდან“.