ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად გარუჯული კანი მით უფრო მეტად ხდება პოპულარული და ახალგაზრდების ნაწილი მზის მცხუნვარე სხივებსაც არ ერიდება.
როგორც ექიმები ამბობენ, დამწვრობის მიღება, როგორც ღრუბლიან ამინდში, ასევე, ქოლგის ქვეშაცაა შესაძლებელი, ამიტომ გარუჯვისას აუცილებელია მზისგან დამცავი მაზების და ლოსიონების წასმა.
გარდა ამისა, მზის გულზე 11 საათიდან 5 საათამდე ყოფნა არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით კი თეთრი კანის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც რუჯი არ აქვთ მიღებული.
თუმცა, როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, აღნიშნული რეკომენდაციების მიუხედავად, დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობებით მიმართვიანობა გაიზარდა.
„ცდილობენ მიიღონ რუჯი, თუმცა, გაუფრთხილებლობით იწვებიან. მზისგან მიღებული დამწვრობებით მომართვა გაზრდილია, თუმცა, ალბათ, ბევრი იქნება შემთხვევები, როცა არ მოუმართავთ და თვითონ იმკურნალეს“,_ამბობს ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის თქმით, წელს ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენებით დაწვის 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
„წელს ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენების შედეგად დაწვის 1 შემთხვევა დაფიქსირდა და იმედი მაქვს, ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა და 2020 წელი იქნება წელი ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენების გარეშე“,_ამბობს ქაშიბაძე.