Developed By Web Features 2024 © All rights reserved
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პარლამენტის დერეფანში დააკავა, _ ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე უკრაინის უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოსთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებასა და დაპატიმრებას დაუჭირა მხარი.
უკრაინის უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ამასთან, უკრაინელმა კანონმდებლებმა ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასა და დაპატიმრებას დაუჭირეს მხარი.
15 მარტს იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პარლამენტში ტერაქტს გეგმავდა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რადას სავჩენკოსთვის ხელშეუხებლობის გაუქმების თხოვნით მიმართა.
მოგვიანებით, სავჩენკომ განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს გარემოცვა მის ლიკვიდაციას გეგმავდა, ამისთვის კი პროვოკაციას ამზადებდა. რეგლამენტის კომიტეტზე გამოსვლისას მან სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ამას პროვოკაციის მიზნით აკეთებდა. სავჩენკოს მტკიცებით, ის ტერაქტების ორგანიზების შესახებ მოლაპარაკებებს ხელისუფლებისთვის კვალის ასარევად აწარმოებდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკო ოფიცერ ვლადიმერ რუბანის საქმის ფიგურანტია. რუბანი დონეცკის ოლქიდან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარღის ტრანსპორტირების დროს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ის უკრაინის პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე თავდასხმას გეგმავდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved