სანიაღვრე არხებს რა ფუნქციაც აქვს, ამას საზოგადოებისთვის დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. თუმცა, ის, რასაც ჩოხატაურის ცენტრში მდებარე არხებში ნახავთ, წყალს გამოყოლილი თუ ხიდან ჩამოცვენილი ფოთლების გარდა, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებიცაა.
ფოტოები, რომელსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სხვადასხვა ადგილას გადაიღო, რის შემდეგაც დავინტერესდით, რა სიხშირით ხდება არხების გაწმენდა ჩოხატაურის ცენტრში.
ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ,,სხივის“ ხელმძღვანელი მერაბ დოლიძე გვეუბნება, რომ კომპანია, ძირითადად, ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე არხებს ასუფთავებს.
„სანიაღვრე არხები ჩვენ, ძირითადად, გვაქვს ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე. ფოთოლცვენის პერიოდში სირთულეებს ვაწყდებით. წვიმის დროს, როცა დახვეტილია ქუჩა და ვერ ვასწრებთ აღებას, მაშინ წყალს მოაქვს ფოთლები და გროვდება სანიაღვრე არხში, რასაც შემდეგ ვწმენდთ. ახლა შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც, როგორც კი ამინდები გამოვა, დავასუფთავებთ“,_ გვითხრა დოლიძემ.
კითხვაზე კი, რომელიც, მდინარე ორპირას, ე.წ. ღელის პირას არსებული ტერიტორიის დასუფთავებას შეეხება, დოლიძე ამბობს, რომ ეს იმ დაწესებულებების ვალდებულებაა, რომლებიც მის პირზე არიან განთავსებული, თუმცა, ამინდების დადგომის შემდეგ, საკუთარი ძალებით მაინც დაასუფთავებენ.
„ღელის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ბეტონი უნდა ჩაისხას, ამის შემდეგ ტერიტორია მოწესრიგდება და პრობლემაც აღმოიფხვრება, მაგრამ ამას ხომ ვერ დაველოდებით? ტარდება შაბათობა და შეძლებისდაგვარად, ვწმენდთ, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია, რა ორგანიზაციისაც არის, ისინი არიან ვალდებულები, რომ გაასუფთაონ. რადგან მაგათ ეკუთვნით ეგ ტერიტორია. მაგალითად: ბანკს, სასტუმროს და ა.შ. რაც არის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძირითადად, სამშენებლო მასალებია გადმოყრილი. როგორც კი ამინდები გამოვა, დავასუფთავებთ“, _ გვითხრა ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ,,სხივის“ ხელმძღვანელმა მერაბ დოლიძემ.