ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი გიორგი გურგენაძე, რომელიც ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებელია, ამავე სოფლის მკვიდრს, მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს სოციალური ქსელში ღია წერილით მიმართავს.
„ხალხის ბრძოლის, დღედაღამ მრავალგზის პიკეტირების,ხელმოწერების შეგროვების შედეგი იყო 21-ე საუკუნეში სოფელს ჰქონოდა სავალი გზა, რასაც მივაღწიეთ.
გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11-კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით დაგება 2017 წელს დასრულდა.
ყოველ წელს გვახსენებდნენ შეკრებებზე- თქვენთან 3-მილიონიანი პროექტი გახორციელდაო.
მოგეხსენებათ, ვინც მეტად ვიყავით ჩართული ამ გზის უხარისხო მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტებში, ჩვენი აზრი მაინც უგულებელი იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. რაც დაიგო დაიგო, მაგრამ ამასაც ხომ მოვლა და გაფრთხილება უნდა.
ბატონო ალექსანდრე გახსოვთ, სოფელ მოედნიდან ინერტული მასის (ხრეშის) გატანის ,ბიზნესმენ ვეფხვაძის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად (მ.შ.სოფლისთვის სასიკეთო დაპირებების), ყოფილი გუბერნატორის გ.სალუქვაძის მისდამი მხარდაჭერისა ,ჩვენ თქვენთან ერთად ვუთხარით უარი ჩვენი სოფლისთვის არასასიკეთო საქმეს.
მაგრამ რა ხდება დღეს???
შპს ”სამკუთხედმა” გზის პროექტის ჩაბარებიდან 3 წლიანი შეფობა აიღო დაზიანების შემთხვევაში გზის გარემონტებაზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით გაფუჭებული გზის პატრონი კაციშვილი არაა. გზაზე 16ტონაზე მეტი ტვირთის გადაადგილების ამკრძალავი ნიშნები შეგნებულად მოიხსნა. გამალებულად გაედინება პირდაპირ მდინარე სუფსის წყლიდან 60 და მეტტონიანი მანქანებით ინერტული მასალა. გზა უკიდურესად დაზიანდა. კანონი შერჩევითია? მოსახლეობის სურვილი იგივე არ არის ,რაც 2 წლის წინ თქვენთან ერთად გვქონდა??
თუ თქვენგან ამ უკანონო ქმედებებს ხელშეწყობა არა აქვს, დაგვიდექით გვერდში, რათა შევინარჩუნოთ ეს გზა დიდხანს. თორემ ხალხის პროტესტს მომავალშიც ელოდეთ“, -წერს გიორგი გურგენაძე.
გურგენაძის წერილის პასუხად კომენტარს აკეთებს გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის გზის რეაბილიტაციით უკმაყოფილო სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი და იქვე ფოტოსაც აქვეყნებს-„იმდენი მაინც ქნას თავისი სოფლის გზას მაინც მიხედოს, იმას ვერ ხედავს მაინც რა დღეშია ტაბიძე, როგორ სარგებლობს თანამდებობას თავისი სოფლისთვის, ლამისაა დავით აღმაშენებელს ადარებენ. მართალია ამ პიარით თავის სამომავლო საქმეს იკეთებს, მაგრამ გზა ხომ ყველასია, მეც კმაყოფილი დავრჩი ნიგვზიანით!
ევროკავშირთან ვმეგობრობთ?
მივექანებით მაპისკენ?–
–ეჰ, ეგზომ ნაქები ჩვენი გზა
უკვე წავიდა ტ…..კენ!“
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, სუფსა-გულიანი- ჩოჩხათის გზის მონაკვეთზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაობით მთლად კმაყოფილი არაა ადგილობრივი მოსახლეობა.
„ამ გზის მშენებლობა თავიდანვე ხარვეზებით დაიწყო. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული არ იყო, რომ გზა უკვე ალაგ-ალაგ დაზიანებული იყო. პროექტი, რომელზეც სამ მილიონ ლარზე მეტი თანხაა გახარჯული, ჩაბარებიდან ერთი წლის თავზე გამოვიდა მწყობრიდან და სერიოზულად დაზიანდა. ბუნებრივიცაა, ხუთ მილიონ ლარად შეფასებულ სამუშაოებს სამ მილიონად რომ გააკეთებენ, როგორ იქნება ხარისხიანი?!“, -ამბობს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი „გურია ნიუსთან“ საუბარში, რომლების გახარჯულ სამ მილიონ ლარს წყალში გადაყრილად მიიჩნევენ და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სამუშაოების შემსრულებელ ფირმასა და ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.
გულიანი_ჩოჩხათი-სუფსის გზის მონაკვეთის თემასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერიაში გვპასუხობენ, რომ „საავტომობილო გზის ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილ დეფექტებთან დაკავშირებით, წერილობით მიემართება შემსრულებელ კომპანიას, რომელიც ვალდებულია საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს წარმოქმნილი დეფექტები. რაც შეეხება ინერტული მასალის გატანას, მისი კონტროლი წარმოადგენს გარემოს დაცვის დეპარტამენტის ფუნქციას და აღნიშნულის თაობაზე დამატებით ეცნობება რეგიონულ სამსახურს. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დაფიქსირდა მეწყერი, რამაც გამოიწვია გზის დაზიანება. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის გულიანი-ჩოჩხათის გზაზე წარმოქმნილ ხარვეზებს“.
ცნობისთვის, აქ სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „სამკუთხედი“ ახორციელებდა. აღნიშნულმა კომპანიამ ოთხი მილიონ 436 ლარად შეფასებული პროექტი სამ მილიონ ლარად მოიგო. პროექტი გარდამავალი გახლდათ, მთლიანობაში სამ წელზე იყო გაწერილი და აღნიშნული გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. პროექტის შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო საკმაოდ მაღალი დონის გზა – ჯებირებით, ხიდებით, ბორდიურებითა და სარკეებით. სამუშაოების დაწყებას საკმაო ხალხმრავალი პრეზენტაციაც უძღოდა წინ, სადაც მაშინდელ ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად გუბერნიისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და როგორც მაშინ ითქვა, ეს იყო საუკუნის პროექტი. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ მან „ჩაილურის წყალი“ დალია.