ოზურგეთში მცხოვრები ხათუნა ზუბაშვილი შვილთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ახალ წელს უკიდურეს გაჭირვებაში ხვდება. მის უმძიმეს ყოველდღიურ ყოფას, ისიც ემატება, რომ, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ღია ცის ქვეშ დარჩეს.
48 წლის ხათუნა ზუბაშვილი უსახლკაროა. მას თავშესაფარი ქალაქ ოზურგეთის მერიამ 9 თვის წინ ვ.დოლიძის ქუჩაზე #8 მდებარე, ე.წ. უფასო სასადილოს მეორე სართულზე ორი ოთახი გამოუყო, თანხას მერია უხდიდა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს შეადგენდა.
როგორც ქალბატონი “გურია ნიუსთან“ ამბობს, აღნიშნული თანხა უკვე რამდენიმე თვეა გადაუხდელია, რის გამოც მეპატრონე იძულებულს ხდის, დაცალოს ოთახები.
ხათუნა ზუბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უმძიმესია. მისი თქმით, ის საოპერაციოა, რისი ღირებულების გადახდის საშუალებაც არ აქვს და ამის გამო ფიზიკური შრომა ვერ ეწევა. ჰყავს შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელიც გასულ წელს ღუმელზე დაეწვათ და პატარას კიდურის შესანარჩუნებლად უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა.
უსახური და ჩამონგრეული, გაყინული კედლები, პოლიეთილენის პარკებით დაფარული ფანჯრები, რკინის საწოლები ლეიბების გარეშე, გათბობის გარეშე _ ოთახები, სადაც ზუბაშვილები ცხოვრობენ.
“არა საახალწლო ნაძვის ხე, არა ტკბილეული, არა შეშა, ის კი არა მშივრები ვართ“, _ ამბობს ხათუნა ზუბაშვილი “გურია ნიუსთან“.
როგორც 48 წლის ქალაბატონი ამბობს, წლების წინ მისი სახლი დაიწვა, ხანძარმა მამაც იმსხვერპლა. იმის შემდეგ წლებია ითხოვს დახმარებას, რომ სახელმწიფოს მისთვის თავშესაფარი მიეცა, თუმცა ამაოდ. მეუღლეც რამდენიმე წელია რაც გარდაეცვალა. ზუბაშვილის თქმით, წლებია ქირით თბილისსი ცხოვრობა სადაც ეწეოდა ფიზიკურ შრომას, ხან ვაჭრობდა კიდეც და თავსაც ირჩენდა, იყო თურქეთშიც სადაც დაარეპორტირეს, ახლა კი მძიმე ავადმყოფია და ფიზიკურად შრომისუუნარო.
აღნიშნული ოჯახის თავშესაფარი, როგორც აღვნიშნეთ, “უმწეოთა სასადილოს“ მეორე სართულზე მხოლოდ ორი ოთახია, თუმცა, ოჯახი “უმწეოთა სასადილოდან“ მხოლოდ ნახევარ ულუფა საჭმელს იღებს _ “ნახევარ პურს და ნახევარ თეფშ წვნიანს“.
_ მხოლოდ ამით გაგვაქვს თავი, როგორ უნდა გავიყოთ, წარმოგიდგენიათ? ფაქტობრივად, მშივრები ვართ, _ამბობს ხათუნა ზუბაშვილი “გურია ნიუსთან“.
ოჯახს ახლახან დაენიშნა სოციალური დახმარება.
ბავშვს მძიმე ოპერაცია მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დამხარებით გაუკეთდა, ხოლო მერიამ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწია.
_ მივედი არჩევნების პერიოდში შტაბში და იქედან ყვირილით გამომაგდეს _ რას გვთხოვ, თუ გავიმარჯვებთ, გადაგიხდითო. არადა, ქირა იყო გადასახდელი , მეპატრონე მთხოვდა და იმის სათხოვნელად ვიყავი მისული, _ ამბობს ზუბაშვილი და “გურია ნიუსთან“ თავისი უმძიმესი ყოველდღიურობის შესახებ ჰყვება.
_ არაფრის იმედი არ მაქვს, არც ახალი წელი გვიხარია. რა გამახარებს?! _პატარას ნაძვის ხეც კი არ აქვს, ტკბილეულს ჯვარი წერია. მშივრები ვართ. ხან ლუკმა პურიც სანატრელია ჩვენთვის. ისე გვიღამდება, საჭმელს ვერ ვჭამთ, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ახალ წელს შეიძლება ამ ბინის მეპატრონემ გარეთ გამოგვაგდოს და ღია ცის ქვეშ დავრჩეთ, რამდენიმე თვეა სახელმწიფოს ფული არ გადაუხდია.
რაც სახლი დაგვეწვა, სადმე მივედი, ყველგან გვეუბნებოდნენ, საშუალება არ გვაქვს და რა გიყოთო. ამდენი წელია ქუჩა-ქუჩა დავწანწალებ. თბილისში ვცხოვრობდი ქირით, თან ვმუშაობდი, ვწვალობდი. ახლა წასვლაც აღარ შემიძლია. საოპერაციო ვარ, სად წავიდე?! რა გავაკეთო, არ ვიცი, სოციალური დახმარება ახლა დამენიშნა. მანამდე უფროსი პირადად მეხმარებოდა, უფალი დაიფარავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მე ხელი გამიმართა. რამდენჯერ შიმშილისგან ქუჩაში წავქცეულვართ. დეპუტატის ბიურო დამეხმარა ბავშვის ოპერაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. არც სახლი გვაქვს და არც კარი, 100 ლარს იხდიდნენ ამ ბინაში და 20 ლარს მე ვამატებდი.
თურქეთში წავედი სამუშაოდ, მაგრამ დეპორტაცია გამიკეთეს და გამომიშვეს ისე, თორემ აქ არავის ვემათხოვრებოდი, ვმუშაობდი და თავს და ოჯახს ვინახავდი.
ჩემი შვილი კი მუშაობს ფიზიკურად, ვინმეს თუ სადმე დალაგება ან დაბარვა მოუნდება და იცით რამდენია ანაზღაურება? 5 ან 10 ლარი მთელი დღე.
უმწეოთა სასადილოში ნახევარი კაცის საჭმელს ვჭამთ. ნახევარ „პორციას“ გვაძლევენ, ყველას ვერ მოგცემთო. ახლა დავწერე ხელახლა განცხადება. ყველაფერზე ხელი მაქვს ჩაქნეული, ნუთუ, მართლა ასე უნდა ამოგვხდეს სული? არც ლეიბი გვაქვს, გადაგდებული დივანი მომცა ვიღაცამ და იმაზე წვანან, აქამდე იატაკზე იწვნენ, სად წავიდე? თავი მოვიკლა? ჩემს შვილს რა ეშველება? ან სიცივით გავითოშოთ? გავალთ ამ ახალ წელს ქუჩაში ვიქნებით და მერე ხომ მოგვაქცევენ ყურადღებას? _ამბობს ხათუნა ზუბაშვილი.
“გურია ნიუსთან“ უმწეო სასადილოს მზარეული რუსუდან დარჩია ამბობს, რომ იმ სიაში, ვისაც ეძლევა საკვები, ზუბაშვილი არ არის:
_ აქ არის 165 კაცზე გათვლილი სასადილო, თუ ვინმე გარდაიცვლება იმ შემთხვევაში შეიძლება ჩავანაცვლოთ. ჩასვას სახელმწიფომ სიაში და მიიღებს საჭმელს. თუ ვინმე მოკვდება ესაა, _ამბობს რუსუდან დარჩია.
ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე ამბობს, რომ არამარტო ხათუნა ზუბაშვილი, არამედ მრავლადაა უსახლკარო ოჯახები, რომელთა ქირის ფული რამდენიმე თვეა გადაუხდელია. კონკრეტულ ოჯახთან დაკავშირებით, სირაძე პირობას დებს, რომ ისინი ღია ცისქვეშ არ დარჩებიან:
_ რაც შეეხება უმწეოთა სასადილოში აღნიშნული ოჯახის გამოკვებას, ყველაფერს გავაკეთებთ მათ საკეთილდღეოდ, გადავიხდით ქირის ფულსაც, _ამბობს მერის მოადგილე.