ოზურგეთის ისტორიის სარწმუნო და უტყუარი მაცნე, აბანოს ნაშთები, პირველად 1957 წელს აღმოაჩინეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს ის ადგილია, სადაც მოედანი გურიისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს უერთდება.
აღმოჩენა კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებისას მოხდა.
მაშინ, თბილისიდან მოწვეულ არქეოლოგ, ნინო ხოშტარიას აღწერით, ეს იყო ძველი აბანოს ნაშთები, რომლის მსგავსი საქართველოში ცნობილია ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან, გვიანდელ დრომდე. თუმცა, აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ, მოედანი ასფალტის ფენით დაიფარა.
მეორედ, 2012 წელს, როცა კვლავ მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გათხრა, როცა იუსტიციის სახლსა და მუზეუმს შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე გაზიფიცირების სამუშაოებს ასრულებდნენ, მიწაში ისევ აღმოჩნდა ჩვენი ქალაქის ისტორიის უტყუარი ნაშთები. თბილისიდან მოწვეულმა არქეოლოგებმა, ვაჟა სადრაძემ და მერაბ ძნელაძემ ათდღიანი სამუშაოების ჩატარებისას გათხარეს 30 კვ.მ. მიწის ფართობი. აღმოჩნდა კიდევ უფრო უტყუარი ნაშთები: ცხელი, თბილი და ცივი წყლის აუზები, აბანოს გასახდელი..
პირველადი შეფასებით, როგორც ისტორიკოსი, მუზეუმის თანამშრომელი მანანა ლომაძე გვეუბნება, აბანო გვიან-ანტიკური ხანის უნდა იყოს. საბოლოო თარიღი კი უნდა დადგენილიყო შემდგომი გათხრების შედეგად.
თუმცა მალე აბანოს ნაშთებს შემოავლეს ბეტონის კონსტრუქცია და დღეს ეს ადგილი სანაგვე ურნას უფრო ჰგავს, რადგან ხშირად ნახავთ, ნებსით თუ უნებლიედ, შიგ ჩაყრილ სხვადასხვა ნარჩენებს და ნაგავს.
მოგვიანებით, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილი საზოგადოების მიერ, შემუშავდა მიმართვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართ, გაგრძელებულიყო არქეოლოგიური კვლევა-ძიება, განსაზღვრულიყო ძეგლის სტატუსი.
თუმცა, როგორც ვთქვით, დღემდე სამუშაოები არ განახლებულად და „ნაშთი ძველი დიდებისა“ კვლავ ელოდება გონიერი ჭირისუფლის თვალყურის მიპყრობას.
_აბანოების გარშემო უნდა დაწყებულიყო გათხრები, ხოლო როცა გამოჩნდებოდა სრული ფასადი, გადაიხურებოდა, ექნებოდა მოაჯირები. ამის შემდეგ კი მოხდებოდა კონსერვაცია, სტატუსის განსაზღვრა და შემდგომ გახდებოდა სანახაობრივი, ტურისტული ინტერესის სფერო. ეს პროექტი შარშან მზად იყო, თუმცა პანდემიის გამო, გადაიდო ეს ყველაფერი და ვიმედოვნებ, მალე განახლდება, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინსპექციის სამსახურის თანამშრმელმა, დათო ხურციძემ.
„გურია ნიუსი“ მალე ვრცლად გიამობით ამ ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხის ირგვლივ.
[sexy_author_bio]