NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ისეთი მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, „პრობლემატურია“, 8%-ის აზრით „არ არის პრობლემატური“.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86%-ს არ უფიქრია ფსიქოლოგისა ან ფსიქიატრისთვის მიმართვა, 12% -ს კი უფიქრია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ 12 პროცენტიდან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება.
კვლევის თანახმად, თითქმის, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ. უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს.