სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად მატულობს ნიადაგში ორგანული და მინერალური სასუქების შეტანით. ორგანულ სასუქებს, როგორც ვიცით, მიეკუთვნება ნაკელი, ნეშომპალა, ტორფი, სკინტლი, ნაკელის წუნწუხი, ფეკალიები და ა.შ.
მინერალურ სასუქებს მიეკუთვნება სუპერფოსფატი და ფოსფორიტის ფქვილი, ქლორიანი და გოგირდმჟავა კალიუმი და ამონიუმის გვარჯილა. უკანასკნელ ხანს კვლავ ფართოდ იყენებენ აზოტოვან სასუქებს.
თუმცა, გირჩევთ, ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მინერალური და ორგანული სასუქების სწორ შეფარდებას, მათი მომზადების წესებს, რადგან ეს გავლენას ახდენს აგრარული კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობაზე.
არსებობს ნიადაგში სასუქის შეტანის სამი წესი:
მთლიანი შეტანა, ნაწილობრივ შეტანა და დამატებითი კვება.
პირველი წესი მდგომარეობს იმაში, რომ ორგანული და მინერალური სასუქები უნდა მოვაპნიოთ მინდვრის ზედაპირზე ზამთრის განმავლობაში, მშრალ ამინდში და შემდეგ ჩავბაროთ ან ჩავხნათ _ ფართობის სიდიდეს გააჩნია. თუ მცირე საბოსტნე ფართობია, ამას მექანიკური საშუალებებითაც მოვახერხებთ.
რაც შეეხება მეორე და მესამე წესს, ეს უნდა დავიწყოთ ადრიანი გაზაფხულიდან და გავაგრძელოთ მის დასასრულამდე. კონკრეტულად, თუ ფართობი დიდია, ორგანული სასუქის შეტანა უნდა მოხდეს სასუქების დასატვირთი და შემრევი მანქანებით ტრანსპორტირება და ფართობზე გადაფანტვა. შემდეგ ტრაქტორი ტორფს, მინერალურ სასუქებს და სხვა ფხვიერ მასალებს, შერეულად ჩახნავს ფართობში. რაც შეეხება დამატებით კვებას, ეს უკვე გაზაფხულზე უნდა მოვახდინოთ, როცა სხვადასხვა აგრარული კულტურა ვეგეტაციას იწყებს.
აღნიშნული წესების დაცვა ზოგ მეურნეს არ მიაჩნია არსებითი მნიშვნელობის საქმედ და თვლის, რომ მთავარია ნიადაგში შეიტანოს ორგანული თუ არაორგანული სასუქი და რაოდენობის განსაზღვრას არ მიიჩნევს აუცილებლობად, რაც მცდარი აზრია. კარგ შედეგს იძლევა ნიადაგში თანაბარი შეფარდებით შერეული სასუქების შეტანა.