ოზურგეთში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოხელეთა გარემოში, ოთარ ქიმუცაძეს, როგორც უნიჭიერეს ახალგაზრდა „ჩხირკედელას“, ისე იცნობენ. მისი სამუშაო დილა უთენია იწყება _ ელექტროხერხები, მოტორიანი საცელავი აპარატები, სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო ტექნიკა _ მის ხელში, რაც მოხვდება, როგორც აქ ხუმრობენ, ყველაფერი „ცეკვას იწყებს“.
ახლახან ის გაცილებით სერიოზულ საქმეს შეეჭიდა, ვიდრე ერთჯერადად ნებისმიერი სახის ტექნიკის შეკეთებაა.
_ საქმე ისე წავიდა, საკუთარი ბაღჩა-ბოსტნის თუ საყანე ფართობების დასახნავად ან კერძო პირს უნდა ეხვეწო, ან მთავრობას. მაღალი კლასის ტრაქტორის ყიდვა ძნელია ჩემი ჯიბიდან. ამიტომ ვამჯობინე ხარისხიანი ნაწილები შემეძინა, შემემუშავებინა ჩემი მოდელი და დავიწყე ორხიდიანი ტრქტორის აწყობა. ორხიდიან ტრანსპორტს საერთოდ უპირატესობა აქვს. ისე ვაკეთებ, რომ ძარაც ჩამოებას. სულ ხვნა-თესვაზე ხომ არ ვიქნები მიმართული, _ გვეუბნება ნიჭიერი ახალგაზრდა მოხელე.
კითხვაზე, როდის იქნება მზად მისი ტრაქტორი, ამბობს, რომ უკვე საქმე „წკიპზეა“.
_ ათიოდე დღეში დავასრულებ. მიხარია, რომ ხვნა-თესვის სეზონისთვის ტრაქტორი მზად მეყოლება და „შევუბერავ“, მეგობრებს და მეზობლებსაც დავეხმარები, _ საკუთარ სიხარულს გვიზიარებს ოთარ ქიმუცაძე.
წარმატებებს ვუსურვებთ შრომაზე ორიენტირებულ ნიჭიერ ახალგაზრდა მოხელეს, რომელიც პროფესიის გაუმჯობესებაზე ოცნებობს და სიახლის ძიებისკენ ისწრაფვის.