ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“, რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნოს“ ფარგლებში, ნინო ხოფერიას დოკუმენტური ფილმის „დაბრუნების დღე“ ჩვენება გაიმართა, რომელიც პოეტის, მთარგმნელისა და პედაგოგის, ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ფილმის პრეზენტაციას, სვიმონიშვილის ახლობლები, მეგობრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ
რეჟისორმა ნინო ხოფერიამ ფილმის შექმნის მოტივზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შექმნის იდეა პაკოს განსაკუთრებულმა თვისებებმა განაპირობა.
„პაკო განსაკუთრებული პიროვნება და პოეტი გახლავთ. ის პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა და მისი ლექსები ადამიანებზე ნამდვილად ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. აღსანიშნავია, რომ ფილმში მისი ახლობლები და მეგობრები მონაწილეობენ, რომლებიც მის განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებზე საუბრობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, _აღნიშნა ხოფერიამ.
პოეტს, მთარგმნელსა და პედაგოგს ახლობლები იხსენებენ.
„ქვეყანაზე ადამიანი არ დადის, ვინც მას არ უყვარდა. ნიჭიერი, საოცარი აზროვნების ადამიანი იყო. მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო ხოფერიას, რომელმაც პაკო ნიჭიერ ადამიანთა შორის გამოარჩია და მასზე საოცარი ფილმი შექმნა“, _ აღნიშნა ნინო სამსონიამ.
ფილმის ჩვენება საათისა და 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოება ემოციებს ვერ მალავდა.