გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა.
“ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე, ერთ-ერთი ტური ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი საქართველოდან.