თუ გონიათ, რომ ამ ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სპეცრაზმთან ერთად იძინებს შეშინებული -ასე ეხმაურება ნიკა მელია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება.
„ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, მისთვის პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ.
“უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პოლიტიკური პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული ივანიშვილისთვის უკანალში,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია იმ დეპუტატებს მიმართავს, ვინც მისი იმუნიტეტის საკითხი უნდა განიხილოს.
“არ იდარდოთ, თავისუფლად დააჭირეთ იმ ღილაკს იმიტომ, რომ თქვენც ტყვეობაში ხართ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში,” – განაცხადა ნიკა მელიამ.