სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ფაშინიანი რუსეთისგან დახმარებას 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გუშინ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ აზერბაიჯანის ძალები სომხეთის ტერიტორიას დატოვებენ.
“გუშინ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ სომხეთის ტერიტორია. ეს შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებულია, არის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანელებმა დატოვეს. მაგრამ რადგან ხელშეკრულება სრულად არ შესრულებულა, დღეს მე მივმართე რუსეთის პრეზიდენტს 1997 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, რომ სომხეთს აღმოუჩინოს, მათ შორის სამხედრო დახმარება” – განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, 13 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადმოკვეთეს. მათ სომხეთის ტერიტორიის შიგნით 3.5 კილომეტრით შემოიწიეს და ფაქტობრივად, ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევლიჩის ტბა. ეს ქმედებები მიუღებელია და ეს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაა“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.