იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, არის თუ არა კორონავირუსზე აცრის შემდეგ ადამიანის COVID-19-ით ინფიცირება ვაქცინების არაეფექტიანობის მაჩვენებელი. მან აღნიშნა, რომ ვაქცინის მთავარი მიზანი ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებაა.
„ყველა ვაქცინას, რომელიც საქართველოშია, სხვადასხვა ეფექტიანობა აქვს, რაც პროცენტულად არის ასახული. ყველაზე მაღალი ეფექტიანობა აქვს Pფიზერ-ს – მისი ეფექტიანობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ნიშნავს, რომ 100 ინფიცირებულიდან 95%-ში გვიცავს Pფიზერ-ი. 5% შეიძლება, ვაქცინის გაკეთების მიუხედავად, მაინც დაინფიცირდეს კორონავირუსით. შესაბამისად, არცერთი ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოშია, არცერთი ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიოში წარმოებულია, 100%-იანი ეფექტიანობის არ არის. ასეთი ვაქცინა ბუნებაში არ არსებობს. ყველა ვაქცინას აქვს გარკვეული პროცენტულობით ასახული ეფექტიანობა. მაგრამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ყველაზე მთავარი ამოცანაა არა ის, რომ დაგვიცვას ინფიცირებისგან, არამედ ის, რომ ვაქცინამ იმდენად უნდა შეამსუბუქოს დაავადების მიმდინარეობა, რომ დაავადება გადაიტანოთ სახლში, უსიმპტომოდ, ნაკლებად გამოხატული ტკივილით და ა.შ. რაც მთავარია, ყველა ვაქცინის მწარმოებელს, რომელიც დღეს საქართველოშია შემოსული, პირდაპირ აქვს დაფიქსირებული 100%-იანი ეფექტიანობა გარდაცვალების წინააღმდეგ. ყველა ეს ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან, გვიცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ორჯერადად აცრილ 1000 ადამიანზე კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 2 შემთხვევა გამოვლინდა და ორივესთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა. ჩხაიძის თქმით, ეს შესანიშნავი შედეგია.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 149 191-მა ადამიანმა გაიკეთა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.