ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ აკეთში მცხოვრები, ინგა მათითაიშვილის პრობლემა გააჟღერა, რომლის ოჯახსაც მეწყერის შედეგად დიდი ზიანი მიადგა და ახლა დახმარების მოლოდინშია.
ბურჭულაძის თქმით, მათითაიშვილი პირადად შეხვდა ლანჩხუთის ახლადარჩეულ მერს, ალექსანდრე სარიშვილსა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მორჩილაძეს, რომელთაგან მიიღო პირობა, რომ აკეთში გეოლოგები აპირებდნენ მისვლას.
„ეს ადამიანი შეხვდა ალექსანდრე სარიშვილს და გოგი მორჩილაძეს. უთხრეს, რომ გეოლოგები არიან ჩამოსულები, მოვლენ და ნახავენო. დაიქირავა ტაქსი, ავიდა მის სოფელში რომ დახვედროდა გეოლოგებს, გზაში კი ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გეოლოგები დღეს ვერ მოვლენ, რადგან ეს გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს, განაცხადია შესავსებიო. თავად მათითაიშვილის თქმით, განცხადება კარგა ხანია დაწერილი და შეტანილიც აქვს, მაგრამ აქამდე ყურადღება არავის მოუქცევია.
აქ საქმე ის კი არაა, როდის იყო განაცხადი შეტანილი _ როცა მოქალაქემ დაიქირავა ტაქსი, ხარჯი გასწია, მერე არ უნდა დაურეკო და არ უნდა უთხრა ვერ მოვლენო. ეს ადამიანის აგდებაა?!“ _ დასძინა ბურჭულაძემ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ბურჭულაძეს და ჯერ კიდევ საკრებულოს წევრის სტატუსის მქონე ალექსანდრე სარიშვილს შორის.
„ნუ გაიგიჟე, მაცაცო, თავი და ნუ აწვები რაღაც ჩვენებას. როცა მათითაიშვილი მოვიდა ჩემთან, ვუთხარი, რომ დღეს ან ხვალ აკეთში იქნებოდნენ გეოლოგები და დაათვალიერებდნენ ყველა იმ სახლს, რომლებზეც განცხადება შესულია-მეთქი“, _ მიმართა ახლად არჩეულმა მერმა დეპუტატს, რომელიც არც თავად თმობდა პოზიციებს და მმართველ გუნდს პირობა მისცა, რომ მომავალი ოთხი წლის მანილზე მისი ატანა მოუხდებოდათ როგორც აქტიური მოქალაქის.
საკრებულოს ბოლო სხდომაზე ოპოზიციის აქტიურობით გაკვირვებული დარჩა მმართველი გუნდი, რომელთა აზრით, ამ ყველაფრის უკან ვიღაც ნამდვილად დგას.