ჰოლანდიელმა ფსიქოლოგებმა მეცნიერულად დაამტკიცეს ხალხური სიბრძნე იმის შესახებ, რომ დილით ადამიანი უფრო კარგად აზროვნებს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი სტუდენტებზე და დაადასტურეს, რომ იმისთვის, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ყველაზე კარგია პრობლემის გადაჭრის გადადება თუნდაც ორი წუთით, მაგრამ, კიდევ უფრო უკეთესია – მთელი ღამით.
კვლევების მიზნით ჰოლანდიელმა სწავლულებმა ერთ–ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარეს ტესტირება. მათ სთხოვეს სტუდენტებს, რომ ავტომობილის ოთხი გამოგონებული მოდელიდან ერთ–ერთი ამოერჩიათ. თითოეულ მოდელს გააჩნდა 12 სხვადასხვა ტექნიკური მაჩვენებელი, მაგრამ მხოლოდ ორ მათგანს ჰქონდა გზასთან საუკეთესო მოჭიდება და ისინი ხარჯავდნენ ნაკლებ ბენზინს.
ამ მახასიათებლების წაკითხვის შემდეგ სტუდენტების ერთ–ერთ ჯგუფს საუკეთესო ავტომობილი უნდა ამოერჩია მაშინვე, ხოლო მეორე ჯგუფს გადაწყვეტილება ხუთი წუთის გასვლის შემდეგ უნდა მიეღო. აღმოჩნდა, რომ გაცილებით მეტი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს მეორე ჯგუფის სტუდენტებმა.
ჰოლანდიელმა სწავლულებმა ეს იმით ახსნეს, რომ მათ ჰქონდათ დრო, რათა შედარებით ყურადღებით აეწონ–დაეწონათ კარგი და ცუდი ავტომობილის მახასიათებლები. პრობლემის გადაჭრის გარკვეული დროით გადადება მისი გადაწყვეტის საუკეთესო მეთოდია.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რთული საკითხების გადაჭრისას წვალებას არიდებენ თავს და სწრაფ გადაწყვეტილებას იღებენ, ძალზე ხშირად ცდებიან, რასაც შედეგიც შესაბამისი მოჰყვება, განსხვავებით იმათგან, ვინც მზად არის, პრობლემის გადაწყვეტა გარკვეული დროით გადადოს.