მეშვიდე ვაჟი და მეოთხე საკეისრო კვეთა _ დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. მედპერსონალი განსაკუთრებით გახარებულია, _ ასე გათენდა 26 მარტი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”.
კლინიკის სამშობიარო ბლოკში, 36 წლის ქალბატონს, თამარ გეგეჭკორს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და მეშვიდე ვაჟი შეეძინა. თამარი ახლა შვიდი ვაჟკაცის დედაა და შვიდიდან ოთხი შვილი, საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყანას.
“გურია ნიუსი” ახალშობილს და დედას საავადმყოფოში ესტუმრა.
_ ჩვენთან დღეს განსაკუთრებული და ბედნიერი დღეა. ქალბატონი, რომელსაც მეშვიდე ვაჟი შეეძინა, საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მისი შვიდი ვაჟიდან, ოთხი საკეისრო კვეთითაა დაბადებული. ეს არის უდიდესი ბედნიერება. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. მთელი მედპერსონალი მობილიზებული იყო. წარმოიდგინეთ, ყველამ თუ არა, ბევრმა რომ გააჩინოს ამდენი შვილი, რამდენი ვიქნებით?! ვულოცავ ახალშობილის ოჯახს, ჩვენს მედპერსონალს, სრულიად საქართველოს. ასეთი რამ ჩვენთან ხშირად არ ხდება და გვაქვს უდიდესი სიხარულის საფუძველი, _ გვითხრა კლინიკა “მედალფას” დირექტორმა დავით მდინარაძემ.
როგორც თამარ ბუზალაძე-გეგეჭკორის მეუღლე, პავლე გეგეჭკორი გვეუბნება, ისინი ადრეულ ასაკში შეუღლდნენ.
_ როცა დავქორწინდით, მე 21 წლის ვიყავი, თამარი კი 19-ს. ოზურგეთში, ნიკოლაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ გვიფიქრია, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ვიქნებოდით. ღმერთის ნება რაც არის, ისე ხდება. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელია და ახლა ექვს ძმას მეშვიდე ძმის დაბადება ძალიან უხარია. სამნი საავადმყოფოში წამომყვნენ, _ გვითხრა მან და შვილების ასაკი და სახელები ჩამოგვითვალა. თუმცა, თანმიმდევრობისას ცოტა შეეშალა და ამის გამო, საკუთარ თავზე გაეცინა:
_ უფროსი შვილი, თენგო 15 წლისა, გოგა _ ცამეტის, გიგა _ ცხრა წლისაა, ტყუპები: გიორგი და დავითი, რომლებიც, ასევე, საკეისრო კვეთით დაიბადნენ, შვიდი წლის არიან, გიგა წლინახევრისაა და აი, მეშვიდეს გიგი დავარქვით. ეს არის ჩემი ფეხბურთელთა გუნდი, როგორც აქ მედპერსონალი მეხუმრება დღეს, _ იღიმება ბატონი პავლე.
მედდა ლელა ურუშაძე გვეუბნება, როცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ყველა სიხარულმა მოიცვა. მრავალშვილიან მამას კი ურჩიეს, ბურთი ეყიდა გუნდისთვის:
_ ვუთხარით, რომ ჯერჯერობით, კარში ჩადგეს თავად და ბიჭებს თამაში აცალოს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თორემ ამ ოჯახმა უკვე კარგ ფეხბურთელთა გუნდის შესატყვისი საქმე უკვე გაუკეთა ქვეყანას. ახლა მთავარია, სახელმწიფომაც ოჯახის მხარდამხარ იზრუნოს შვიდ მცირეწლოვან ძმაზე, _ გვითხრა მან.
პავლე და თამარ გეგეჭკორები, რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს, დღეს ოზურგეთში, ნიკოლაძის ქუჩაზე, ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ. თამარი 36 წლისაა, პავლე 38-ის. როცა ოჯახი შექმნეს, სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდნენ, მშობლებთან ერთად. თუმცა, მერე მოხდა ისე, რომ პავლეს მამა ავარიაში მოყვა. ხერხემალი დაუზიანდა და მალე გარდაიცვალა. გასაჭირის გამო, შვილებს ოჯახის გაყიდვა მოუხდათ. პავლე გეგეჭკორს კიდევ სამი და-ძმა ჰყავს, რომლებსაც ახლა საკუთარი ოჯახები აქვთ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ. თავად პავლე გეგეჭკორის დღეს უკვე ცხრასულიანი ოჯახი ნაქირავებ სახლში ცხოვრობს და ყოველთვიურად 200 ლარს იხდის.
პავლე გეგეჭკორს უჭირს საკუთარ გასაჭირზე საუბარი. ამბობს მხოლოდ იმას, რომ თვალების პრობლემა აქვს, საოპერაციოა და მუშაობაში ესეც უშლის ხელს. თუმცა, მუდმივი სამუშაოც არსად არის და სეზონურ დასაქმებაზე დადის. ხან დღიურ ანაზღაურებაზეც მუშაობს.
_ სოციალურ დახმარებას ვიღებთ. თუ ჯანმრთელობამ არ მიმტყუნა, რაღაცას შევძლებთ და გავზრდით შვილებს. არ მინდა, ვინმეს ტვირთად დავაწვეთ. საკუთარი ჭერი არ გვაქვს, მაგრამ ახლა ვის უნდა მივადგე? შესაძლოა, ვინმემ ისიც მითხრას, სახლი თუ არ გაქვს, შვილებს რატომ აჩენდიო. ასეც ხდება. ღმერთის იმედად და რა თქმა უნდა, საკუთარი თავის იმედად ვიქნებით. უარეს გასაჭირშიც ზრდიდნენ შვილებს და ჩვენც შევძლებთ, ყველას მადლობა ყურადღებისთვის, _ ასე დაგვემშვიდობა შვიდი ვაჟის მამა.