სახალხო დამცველსა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიამ ოჯახისგან მოისმინა სპეცოპერაციის დეტალები და განაცხადა, რომ ოჯახს უფლება აქვს გამოძიების შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია.
“ოჯახმა გაიხსენა სპეცოპერაციის ღამის დეტალები. მათ აქვთ შეკითხვები თემირლანისდაჭრის საქმესთან და ასევე საძინებელ ოთახში ხელყუმბარის არსებობასთან დაკავშირებით. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს მაჩალიკაშვილები მოკლე ვადებში ითხოვენ. ჩვენ ერთგვარი შუამავლის როლს ვასრულებთ. ოჯახს აქვს უფლება გამოძიების მიმდინარეობას იცნობდეს და ინფორმაცია ჰქონდეს მტკიცებულებების შესახებ. თუმცა ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებიათ. ამიტომ ოჯახს უსამართლობის გრძნობა აქვს. ისინი ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას ითხოვენ”, _ განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. იგი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.