დედამიწაზე, „საერთაშორისო ოქროს საბჭოს” მონაცემებით, დღემდე სულ 140.000 ტონა ოქროა მოპოვებული, აქედან ქვეყნების ოქროს მარაგზე მხოლოდ 19% მოდის. ოქროს მარაგი “ოქროსა და ვალუტის რეზერვის” შემადგენელი ნაწილია და ოქროს წილი რეზერვში პროცენტით აღინიშნება. საცავებში ოქროს მარაგი სტანდარტული ზოდების სახით ინახება: ზოდის წონა 400 უნცია ანუ 11,336 კგ-ია.
ქვეყნების ოქროს მარაგის რეიტინგი “ოქროს საბჭოს” ყოველწლიურ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. ბოლო რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილის მონაცემების საფუძველზე შედგა.
რაც შეეხება ოქროს მოპოვებას 2017 წელს, მსოფლიოში სულ 2 789 ტ ოქრო მოიპოვეს (2010-ში – 2 638). ოქროს მომპოვებელი ქვეყნების რეიტინგი, ბუნებრივია, მკვეთრად განსხვავდება ოქროს მარაგების ტოპათეულისგან. „ბლუმბერგის“ 2017 წლის მონაცემებით ოქროს მომპოვებელი ქვეყნების პირველი ათეული ასეთია:
1. ჩინეთი: 380 ტ – ჩინეთი ასევე ლიდერია აზიაში საიუველირო წარმოებაში გამოყენებული ოქროს რაოდენობით.
2. ავსტრალია: 272 ტ – ამ ქვეყანაში ოქროს მასშტაბური მოპოვება ჯერ კიდევ 1890 წლიდან დაიწყო.
3. აშშ: 243 ტ – პირველი „ოქროს ძარღვი” ვირჯინიაში 1782 წელს აღმოაჩინეს, ოქროს მოპოვების მკვეთრი ზრდა კი ქვეყანამ 1980 წლიდან დაიწყო.
4. სამხრ. აფრიკა: 221 ტ – მრავალი წელი ოქროს მოპოვების ლიდერი იყო. პროგნოზებით, ათეულში დიდხანს იქნება.
5. რუსეთი: 205 ტ – ექსპერტთა შეფასებით, ოქროს ყველაზე დიდი მარაგები სწორედ ამ ქვეყანაშია.
6. პერუ: 156 ტ – პერუს თითქმის მთელი ოქრო პრაქტიკულად ერთ საბადოში მოიპოვება.
7. განა: 102 ტ – 90-იან წლებში ოქროს წარმოების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამჟამად წარმოება მკვეთრად შემცირდა.
8. კანადა: 101 ტ – „ოქროს ციებ-ცხელების” ეპოქამ კარგა ხანია ჩაიარა. საბადოები გაღარიბდა, რის გამოც ქვეყანაში ოქროს მოპოვება ეცემა.
9. ინდონეზია: 97 ტ – რეგიონის უდიდესი ქვეყანა ოქროს მოპოვების ლიდერებში მხოლოდ ბოლო წლებში გაერია.
10. მექსიკა: 82 ტ – ოქროს მოპოვების ზრდა კანადურ ოქროსმომპოვებელ კომპანიას უკავშირდება, რომელსაც ჩვენთვის საინტერესო სახელი: “არგონავტების ოქრო”! ჰქვია.