მმართველი გუნდის წევრმა შოთა ხაბარელმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე იმ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც 2018 წელს ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. მისი თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ არის მიმართული.
,,ყოველდღიურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. დღეს არც ერთი ფედერაცია ფინანსურ კრიზისს არ განიცდის. საქართველო ასევე მასპინძლობს მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებებს. ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და საქართველოში გამეფებული მავნე ჩვევების წინააღმდეგ პრევენცია, ნარკომანია, თამბაქო და ის დაავადებები, რომელიც ქვეყანაში სამწუხაროდ გამეფებულია. როდესაც ასეთი შეჯიბრები ტარდება ქვეყანაში, განსაზღვრულია გარკვეული კრიტერიუმები ეს არის უსაფრთხოება, გამართული ინფრასტრუქტურა და ორგანიზებულობა. ამ ყველა კრიტერიუმს ქვეყანა ძალიან კარგად აკმაყოფილებს. გვაქვს წარმატება სპორტში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე ყველა მიმართულებით წარმატება. წელს მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნისთვის საამაყოა. მივიღეთ უმაღლესი შეფასება ვენეციის კომისიისგან. ბატონო ირაკლი, თუ სპორტის მსგავს შეფასებებს გამოვიყენებთ, მე დარწმუნებული ვარ ერთი ოქროს მედალი გეკუთვნით, თქვენს გუნდთან ერთად ამ კონსტიტუციის მიღების გამო“, _ განაცხადა ხაბარელმა.