„ამ ეტაპზე ოპოზიციას პერმანენტული აქციების ჩატარების რესურსი არ გააჩნია. ოპოზიცია რევოლუციაზე ლაპარაკს საერთოდ უნდა შეეშვას“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
ძაბირაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციური სპექტრი იმდენად ჩამოუყალიბებელია, რომ ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.
„არ შეიძლება ოპოზიციის ერთი ნაწილი დესტაბილიზაციაზესაუბრობდეს, მეორე კი ამბობდეს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებენ. უნდა ჩამოყალიბდნენ, პროტესტს გამოხატავენ, თუ რევოლუციის აგორებას აპირებენ, თუმცა, უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა არ გამოვა. დღესაც ოპოზიცია ფორმირების პროცესშია, სააკაშვილი დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკობს, ვაშაძე კი კონსტიტუციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვაზე, რაც, ბუნებრივია, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებია“,_ აღნიშნა ძაბირაძემ.
ექსპერტი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას განერიდა.
„ქართულ ოცნებას“ სიტუაციის გამწვავება არ უნდა და ამიტომ აირჩია პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად თელავი. ჩანს, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას გაერიდნენ. თუ ოპოზიციას რესურსი აქვს, თელავშიც შეუძლიათ აქციის ჩაატარება, რაც უფრო ეფექტური იქნება“,_ აღნიშნა ძაბირაძემ.