არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ დღესდღეობით, „ქართულ ოცნებას“ უფრო მაღალი რეიტინგი და შანსი აქვს ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ
არ გამორიცხავს, რომ თუ გამარჯვებას ოპოზიციური სპექტრი მოიპოვებს, პრემიერად უახლოეს მომავალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიხილოთ.
„თუ კოალიციური მთავრობის შექმნის საშუალება მიეცა ოპოზიციას, ამ კოალიციაში წამყვანი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მანდატი პროპორციულით და მაჟორიტარულით და რაც მთავარია, ეყოლება ყველაზე მეტი მხარდამჭერი.
ამას წინ როგორ უნდა აღუდგეს ბოკერია? საინტერესოა იმ პარტიებში, ვინც ლეობორისტებთან ოფისში იკრიბებიან, ძირითად ნაწილში არის კი ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უარს იტყვის სააკაშვილის პრემიერობაზე?
ოპოზიციური კოალიციური მთავრობის ჩამყალიბებიდან ერთ წელში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერი გახდება სააკაშვილი“,_ განაცხადა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „გურია ნიუსთან“ დღეს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის რეფორმათა აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს“ და ამ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას თავად აპირებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და თუ მიხეილ სააკაშვილს თავის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა.
რა რესურსები აქვს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნისთვის_ ამ საკითხზე ვესაუბრეთ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს.
როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, დასაკონკრეტებელია, რას ნიშნავს ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა, რადგან სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, არის უკრაინაში და იქედან ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა ცოტა გაუგებარია. მეორე მხრივ, თუ ამაში იგულისხმება ის, რომ სააკაშვილი იქნება აქტიური და „ნაციონალური მოძრაობა“ მასთან შეათანხმებს თავის სამოქმედო გეგმას, მაშინ გამოდის, რომ ის იქნება ნამდვილად ბრძოლის წინა ხაზზე.
„რაც შეეხება იმას თუ რა გავლენა აქვს სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაზე და ოპოზიციაზე, ის არის ყველაზე მსხვილი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. მის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არცერთი საკითხი არ წყდება. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ყველა გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში ღებულობს სააკაშვილი. ასევე მგონია, რომ მის გადაწყვეტილებებს მეტ-ნაკლებად ანგარიშს უწევს გაერთიანება „ძალა ერთობაშია““,_ ამბობს ძაბირაძე.