,,ხელშეუხებელი არავინაა“ _ მთავრობის წევრები დღეს ღიად ალაპარაკდნენ, რომ მთავრობის ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის შემდეგ, შესაძლოა, სხვა თანამდებობის პირებიც გამოიკითხონ.
კონკრეტულად, ვის საქმეებს შეიძლება სწავლობდეს პროკურატურა და დადგება თუ არა საჭიროება გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვის? _ ამ თემებთან დაკავშირებით მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.
_ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და მაღალი მდგომარეობა ეკავათ, ბუნებრივია, პასუხისმგებელნი არიან კანონის წინაშე. ყოფილი მინისტრები პროკურატურაში კი არ დაუკითხავთ, არამედ გამოკითხეს და არ არის გამორიცხული, რომ იმავე მიზეზით კვირიკაშვილი და სხვა ადამიანები დაბარებული იყვნენ მთავარ საგამოძიებო უწყებაში.
ალავიძის მინისტრობის პერიოდში ტენდერებთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, ქაოსი იყო. სამინისტროდან დეპარტამენტის თავმჯდომარეები უცებ მიდიოდნენ სამუშაოდ იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ტენდერებს იგებდნენ. ტენდენცია იყო ასეთი, ორი დეპარტამენტის თავმჯდომარე ასე წავიდა. სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები, აქედან გამომდინარე, ალავიძეს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
მე არავითარი საბუთი არ მაქვს იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი კორუფციაში იყო ჩაფლული. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, შემიძლია, გითხრათ, რომ არაფერი არ დასტყობია მის ოჯახს ფულის შოვნის, მაგრამ მისი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი ადამიანი მინისტრად მიიყვანა.
_ გაქვთ ინფორმაცია, სხვა რომელი მინისტრების საქმეებს შესაძლოა სწავლობდეს მთავარი პროკურატურა?
_დარწმუნებული ვარ, რომ სხვა სამინისტროშიც არის ყურადღება მისაქცევი ეპიზოდები, ამ ეტაპზე დავაკვირდებით რამდენად მოსთხოვენ სხვებსაც პასუხს. ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ორ სამინისტროს მოეკითხება, სადაც ძველი მინისტრები არიან დარჩენილები. რომელ სამინისტროს ვგულისხმობ, არ მინდა გითხრათ.
_ კონკრეტულად, რომელ მინისტრებს გულისხმობთ?
_სხვათაშორის, არიან ადამიანები, რომლებიც სხვა უწყებაში გადავიდნენ კარგა ხანია, მაგრამ ძველ სამინისტროში კვალი დატოვეს. ვიცი, ერთ-ერთ მათგანზე მიმდინარეობს მასალების შეგროვება. კერძოდ, რამდენად კანონიერად ჩატარდა ტენდერი იმ უწყებაში, სადაც ადრე ეს ადამიანი მინისტრი იყო, ახლა მინისტრის მოადგილედ წარადგინეს. სამართლიანი პასუხისმგებლობის საქმე რთულია. შეიძლება ისე მოხდეს, რომ თანამდებობას ჩამოაშორონ და ფული მიატანინონ, შეიძლება პასუხისმგებლობაში მისცენ, უფრო მგონია, რომ პირველი გამართლდება.
,,გურია ნიუსმა“ პოლიტოლოგს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, ვის გულისხმობდა, თუმცა, პიროვნების სახელისა და გვარის გასაჯაროება არეშიძემ, ობიექტური მიზეზების გამო, არ მოისურვა.
,,გურია ნიუსი“ წერდა , რომ შესაძლოა, საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, მიხეილ გიორგაძის საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობდა, თუმცა, აღნიშნული ინფრომაცია არ დადასტურდა.