“ქართული ოცნების“ მმართველობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას ჰგავს. ორივე პარტია ხალხს ზუსტად ერთსა და იმავე პერიოდში გაეყარა. იმდენად გაუტკბათ ძალაუფლება, რომ პარტიებმა კონსტიტუციური ცვლილებების მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივება მოინდომეს“, _აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას და მოსამართლეებს დაავიწყდათ, რომ ხელისუფლების სამი შტოს წყარო ხალხია.
_ბატონო ლევან, „ქართული ოცნების“ ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასამართლო სისტემის ორ ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს, მოქმედმა მოსამართლეებმა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული ინიციატივა არაკონსტიტუციურია. იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ოდიოზურ მოსამართლეებს ექომაგებიან, აღნიშნული ინიციატივის დამტკიცება რამდენად რეალურია?
_ წინასწარ მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებ. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა. სასამართლო სისტემაში დომინირებული ერთი მცირე ჯგუფი, რომელსაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ 2016 წელის კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მიანიჭა, ბუნებრივია, ძალაუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მეტიც, ამ კლანს ძალაუფლების გაფართოების სურვილი, როგორც მინიმუმ, სასამართლო სისტემის მიღმა არსებულ გავლენებზე აუცილებლად გაუჩნდება. მოსამართლეებს, რომლებიც მანტიაგადაცმული პოლიტიკოსებივით გვესაუბრებიან და მმართველ პოლიტიკურ ძალას შევახსენებ, რომ ხელისუფლების სამივე შტოს წყარო არის ხალხი, რაც მათ დაავიწყდათ.
_“ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ადამიანები, რომლებიც ოდიოზურ მოსამართლეებს აკრიტიკებენ და მართლმსაჯულების სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან, ’’ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ ძალად გამოაცხადა. როგორ ფიქრობთ, რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება საზოგადოების „ნაციონალური მოძრაობასთან“ აფილირებით გადაფაროს?
_მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ თავს მიხედოს. ათკაციანი სიის წარდგენის შემდეგ, თავის მართლება დიდხანს გაუგრძელდათ. „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხში ახალი ვერსია შემოიტანა, რომ თურმე, ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია. მათი გაცხადება შეიძლება შეფასდეს საკუთარი შეცდომების გადაფარვის მიზნით ერთგვარ პიარსვლად.
_ პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მართლმსაჯულების სისტემაში სამართლიანობის აღდგენის ნება არ გამოიჩინა, „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრეობა გადმოიბარა, თუმცა, როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო სისტემაში გარკვეული მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგალითად, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ამგვარ ცვლილებებს გულისხმოდა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით საზოგადოების დაკვეთა?
_ ბუნებრივია, არა. “ქართული ოცნების“ მმართველობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას ჰგავს. ორივე პარტია ხალხს ზუსტად ერთსა და იმავე პერიოდში გაეყარა. იმდენად გაუტკბათ ძალაუფლება, რომ პარტიებმა კონსტიტუციური ცვლილებების მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივება მოინდომეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლმსაჯულება მუდმივ კონტროლქვეშ ჰყავდა აყვანილი და „ქართული ოცნების“ პირობებშიც ანალოგიური ხდება, უბრალოდ, მართვის მეთოდია განსხვავებული.
_სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, ბუნებრივია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან პირდაპირ კავშირშია. თუკი ხელისუფლება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნებას უგულებელყოფს, ეს პარტიის პოლიტიკურ მომავალზე როგორ აისახება?
_საპრეზიდენტო არჩევნებმა უკვე გამოავლინა ხალხს მოწყვეტილი ხელისუფლების და უკითხავად მიღებული გადაწყვეტილებების პოლიტიკური ფასი როგორია. სასამართლოში არსებულმა მდგომარეობამ კი მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა, მათ შორის, მათსავე მხარდამჭერებში, რომლებსაც სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდნენ. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, მმართველ პარტიას არა მხოლოდ საზოგადოებასთან შეექმნება პრობლემები, არამედ საკუთარ პარტიაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი პარტიის წევრები და ძალიან მყარი ამომრჩეველი უმთავრესი თავის ტკივილია.