პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.
პოლიტიკური საბჭოს წევრები დელეგატებს დასამტკიცებლად, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინა. პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დელეგატებმა ერთხმად დაამტკიცა. „პოლიტსაბჭოს განახლებას პარტიაში რეფორმების ახალი ტალღის გასახორციელებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა ყველა დელეგატს ერთსულოვნებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, გენერალურმა მდივანმა დელეგატებს დასამტკიცებლად, პარტიის თავმდჯომარის კანდიდატურა წარუდგინა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრისთვის, წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტად, შეუძლია გააძლიეროს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბირთვი და ახალი დინამიკა შესძინოს არამხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ მთელ ქართულ პოლიტიკას და ქვეყნის განვითარებას. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა კახა კალაძემ. წარდგენის შემდეგ, დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცეს.