საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ გურია ნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
_ ბატონო სოსო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებრივი როლის დაკნინება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო სტრატეგიამ გამოიწვია, რომელმაც ხალხს სასურველი კანდიდატის არჩევის საშუალება არ დაუტოვა?
_ დღეს „ქართული ოცნება“ იმკის იმ ნაყოფს, რომელსაც მთელი ექვსი წლის განმავლობაში თესავდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბინძური არჩევნები. გრიგოლ ვაშაძის გუნდმა სწორი ტაქტიკა აირჩია, მმართველმა პარტიამ კი ძალიან სარისკო პოზიცია დაიკავა, როდესაც საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების საფრთხეებზე დაუწყო ლაპარაკი.
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიზნად საზოგადოების შემორიგება, საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩასა და დაპირისპირებას ითხოვენ, რამაც რამდენიმე არჩევნებში იმუშავა, მაგრამ დღეს ვერ იმუშავებს. ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში ამოწურა საკუთარი რესურსი. დღეს ხალხი ვერ აკეთებს არჩევანს. ადამიანები ამბობენ, არცერთი კანდიდატი მომწონს, მაგრამ მეშინია „ნაციონალების“ დაბრუნებისო.
_“ნაციონალური მოძრაობის“ შიში ამომრჩევლის ნაწილს აღარ აქვს, რაც არჩევნების პირველ ტურში დადასტურდა, თუმცა გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სამოქალაქო ომის დაწყების საფუძველს ხედავს მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი. იზიარებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებას მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით? აღნიშნულს აფასებთ „ქართულ ოცნების“ პიარსტრატეგიად თუ რეალურ საფრთხედ?
_ გედევან ფოფხაძე არ არის პოლიტიკოსი და მითუმეტეს, ავტორიტეტი. მისი ნათქვამი გრიგოლ ვაშაძის პიარკამპანია უფროა, ვიდრე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება. რა თქმა უნდა, ეს განცხადება საზოგადოების დაშინების მეტს არაფერს ემსახურება.
_ ბატონო სოსო, ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2013 წლის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი 354 103 ამომრჩეველი იყო, 2018 წელს კი ეს ციფრი 601 209-მდე გაიზარდა. როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველი, „ქართული ოცნების“ შეცდომების ფონზე, ალტერნატივას კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს?
_ ეს ყველაფერი განაპირობა „ქართული ოცნების“ დილეტანტიზმმა. განსაკუთრებულად, წყალგამყოფ ხაზად იქცა 2016 წლის არჩევნები, როცა კოალიცია ინტელექტუალურმა ძალებმა დატოვეს.
გადამწყვეტი ფაქტორია სოციალური პრობლემები, დღითიდღე იზრდება გადასახადები. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა ყოფილიყო და ბიზნესისთვის მეტი თავისუფლება მიეცათ, ლარი უფასურდება და ინვესტიციები მცირდება. დღეს ამომრჩეველი დაბნეულია, არ იცის, რომელ პარტიაში ეძებოს ალტერნატივა. ამ დაბნეულობის სათავე კი „ქართული ოცნებაა“.
ქუჩაში ხალხს რომ ჰკითხოთ, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პარტიის ლიდერი აღმშენებლობაზე საუბრობს, რბილად რომ ვთქვათ, გაეცინებათ. ქვეყნისთვის ერთპიროვნული მმართველობა ტრაგედიაა.
_ „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის საგანგებოდ ემზადება. დღეს ის დეპუტატები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს, უფრო ღიად აცხადებენ, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყოლოდა. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილის დამარცხება ალიანსის დაშლის მომასწავებელია?
_ მმართველ პარტიაში დიდი ხანია კრიზისია და ბუნებრივია, არჩევნების შედეგებმა ალიანსის შესაძლო დაშლის საკითხი დღის წესრიგში დააყენა.
„ქართული ოცნება“ ერთ თვეში ვერაფერს შეცვლის, დაპირებების შესრულება დამარცხების შემდეგაც შეუძლიათ. მმართველი პარტია საკუთარი შედეგების მძევალია. ნებისმიერი ცივილიზებული პარტია შინაგანად დამარცხების შანსს უნდა უშვებდეს. ჩერჩილი და მერკელი დამარცხდა, სალომე ზურაბიშვილი ვინ ჰყავთ ასეთი დაუმარცხებელი?!