ძალიან მალე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეები ეყოლებათ.
გამონაკლისი ამ მხრივ არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოა, სადაც უკვე აღნიშნული პოსტზე მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ფრაქცია ქართულ ოცნებას“ 36 დეპუტატი ჰყავს, მათი ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე სოფელ კონჭკათის დეპუტატი გელა აროშიძეა.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, აროშიძის მოადგილეობა ბოხვაურის დეპუტატს გელა ჩავლეშვილს, ქალაქ ოზურგეთის დეპუტატს ლევან თოიძეს და ასევე, პარტიული სიის მესამე ნომერს მარი ჩხიკვიშვილს სურთ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოადგილეობა, ასევე, შრომის დეპუტატ დავით ჭაკნელიძესაც სურდა, თუმცა, ის გამოირიცხა იმ მიზეზით, რომ სოფელ შრომაში არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა.
დეპუტატები “გურია ნიუსთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ ლევან თოიძემ მოიგო ქალაქი, დათმო ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის პოსტი, ამიტომ ის იმსახურებს საკრებულოში თანამდებობას. გელა ჩავლეშვილმა, მართალია, ბოხვაურში დიდი შედეგით მოიგო, როგორც დეპუტატმა და წააგო სახელისუფლებლო კანდდატმა, თუმცა, მან დათმო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოსტი, აქედან გამომდინარე, მას რაღაც თანამდებობა სურს. მარი ჩხიკვიშვილი კი პარტიული სიის მესამე ნომერია და მას პარტიის წინაშე დამსახურებაც აქვს.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, რომელმაც სმს შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომ შეხვედრაზე იყო და პასუხს ვერ გაგვცემდა.
ფრაქცია “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გელა აროშიძემ კი ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია დაგვიდასტურა:
_ კი, ბატონო, განიხილება სამივე მათგანის კანდიდატურა“, _ გვითხრა მან.
ჩვენს კითხვაზე, რას ენიჭება უპირატესობა, რა კრიტერიუმებით ხდება შეფასება აღნიშნულ პოსტზე მოსახვედრად, აროშიძე გვპასუხობს, რომ დანიშვნა დამსახურების მიხედვით მოხდება:
_ გუნდი გადაწყვეტს, ვინ იქნება, შეიძლება სხვებიც განიხილონ, ეს გუნდის გადასაწყვეტია. დამსახურება, ალბათ, მუშაობის სტილი, ჩემი ინფორმაციით ორი მოადგილე ეყოლება ალბათ, როცა გადაწყდება ეს საკითხი, _ ამბობს აროშიძე.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გელა აროშიძის მოადგილეები მარი ჩხიკვიშვილი და ლევან თოიძე გახდებიან.