“ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციაში მორიგი სკანდალია. პარტიული სიის მეათე ნომერი მაია პაიჭაძე სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერობის ისეთს კანდიდატს, როგორიც ირაკლი კუჭავაა ჩოხატაურის საზოგადოება არ იმსახურებს:
“მე ვუთანაგრძნობ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი კუჭავას მერობის კანდიდატად დასახელებით მნიშვნელოვნად აზარალეს ქართული ოცნება” _ აღნიშნავს პაიჭაძე.
პაიჭაძე ამ წერილში ირაკლი კუჭავასაც მიმართავს და გამგეობის საფინანსო სამსახურსაც აკრიტიკებს:
“მოგეხსენებათ, ”ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციის პარტიული სია დამტკიცდა თავისი ”მშვენიერებით”. ამ ქაოტურ მდგომარეობაში ”საპატიო” მე-10, შემდეგ მე-11 და ისევ მე-10 ადგილი მომაკუთვნეს.
ეს უღმერთოდ დაგეგმილი მზაკვრობის, კარგად ორგანიზებული და ბოლო 8-9 თვის განმავლობაში წარმატებულად გახორციელებული შავი პიარის ლოგიკური შედეგი გახლავთ _ უსამართლობა იმ ფონზე, რა წინასწარი ინფორმაციაც არსებობდა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანებისგან პარტიული მიმართულებით (მოვიაზრებოდი სიის ხუთეულში).
ერთადერთი, ვისთანაც ვალდებულება მაქვს, ჩემი ამომრჩეველია, საზოგადოება. ვინაიდან ჩემთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, გახლავართ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ, რომ ერთი უმნიშვნელო კითხვაც კი დარჩეს პასუხგაუცემელი,მით უფრო, როცა ”მხრები თავისუფალი მაქვს” და საუბარსაც გულწრფელობის მაღალი ხარისხით შევძლებ.
სამწუხაროდ, არსებულმა მოცემულობამ და პიროვნულზე კიდევ უფრო მაღლა მდგომმა ტკივილმა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” საბოტაჟმა (გადაუჭარბებლად!!!), მიმაღებინა გადაწყვეტილება საჯაროდ მოგმართოთ ბატონო ირაკლი, უპირველესად, როგორც პარტიის თავმჯდომარეს და მერობის კანდიდატს ჩვენს მუნიციპალიტეტში.
სუბორდინაციის დიდი პატივისმცემელი გახლავართ, მაგრამ საუბარს უშუალო ფორმატით წარვმართავ!
როდესაც ცენტრალურ ოფისში განხილვისას დამახასიათეს, როგორც ნამდვილი “ქართული ოცნება” და აქტიური ქალბატონი, ლობისტების გარეშე, ”უპატრონოდ” აღმოვჩნდი ზემოთ ხსენებულ მე-10 ადგილზე (ისიც ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ მე-14 ადგილზე ”გაგიმწესებივარ”).
ირაკლი, ჩემი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არც ერთ ეტაპზე არ მიფიქრია, რომ ვინმეს სადმე უნდა ”გავეთრიე”…
ყველგან და ყოველთვის ჩემს წარმატებას მუხლჩაუხრელი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა და საქმისადმი სიყვარული განაპირობებდა. ასე იქნება მომავალშიც!
როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ისეთივე უნიათო სია წარმოადგინე, როგორი გამგებლობაც შეძელი!
შენ ჩემი სახით, ჩემი მომავლის, ჩემი საქმის, დისკრიმინაცია განახორციელე. შეილახა ჩემი პიროვნული ღირსება.
ჩვენს მუნიციპალიტეტში 57 ათასი ლარის ჩემს მიერ ინიცირებული, ოთხი სოციალური პროექტი ხორციელდება, იმდენად გამართული და მყარი არგუმენტაციით, რომ ერთხმად დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა, მათ შორის ოპოზიციამ. რა თქმა უნდა იყო პრობლემები ურთიერთობებში საფინანსო საბიუჯეტო კომისიასა და საფინანსო სამსახურს შორის.
პერმანენტულად გვქონდა ლეგიტიმური შენიშვნები რაც ლუსტრირებულს ხდიდა საფინანსო სამსახურის სუსტ მუშაობას, მეტსაც გეტყვით, რომ არა საკრებულოს გუნდური მიდგომა ბიუჯეტირების პროცესში არსებული დარღვევებით (ვგულისხმობ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების სუსტად მიმდინარე პროცესს, დელეგირებული მუხლებიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.
შენიშვნები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე) მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით და ვერაფერს მოგვიტანდა თამაზ ჯინჭარაძის (გამგებლის პირველი მოადგილე) გაუცნობიერებელი და უმიზნო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულმა პროცესებმა მასში ”კმაყოფილების” შეგრძნება ვერ გამოიწვია…
მიუხედავად ყველაფრისა, ვარ ამაყი საზოგადოების, საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების გვერდით დგომით. დეპუტატების, რომელთა უპრეცედენტო მხარდაჭერა მაქვს და მექნება მომავალშიც. მადლობა მათ ამისთვის.
ჩვენი ვალდებულებაა დავამტკიცოთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ნამდვილ მესვეურთა მოტანილ ღირებულებებს, ამ პარტიას, სამწუხაროდ, შეკედლებული მედროვეები არ გააუფერულებენ. თუმცა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა…
აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ მერობის ასეთ კანდიდატს, რომელიც მოცემული პარტიული სიით აპირებს მომდევნო ოთხი წელი მართოს მუნიციპალიტეტი, ნამდვილად არ იმსახურებს ჩოხატაურის საზოგადოება, რომელსაც მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვს და მე ვუთანაგრძნობ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი კუჭავას მერობის კანდიდატად დასახელებით მნიშვნელოვნად აზარალეს “ქართული ოცნება”.
იმედი მაქვს, პროცესები სწორად წარიმართება, მე მთელი ჩემი რესურსით ვიბრძოლებ ჩემი ამომრჩევლის საკეთილდღეოდ!” _ აღნიშნულია პაიჭაძის წერილში.
ჩვენ შევეცადეთ კომენტარები წერილში მოყვანილი პირებიდან მიგვეღო, თუმცა, ყველა მათგანმა უარი გვითხრა.
კომენტარი არ გააკეთეს “ქართული ოცნების” არც ცენტრალურ და არც რაიონულ ორგანიზაციაში.
p. s. აღსანიშნავია, რომ 16 აგვისტოს, მაშინ როცა “გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩოხატაურის მერობის კანდიდატად “ქართული ოცნება” ირაკლი კუჭავას აყენებდა, მაია პაიჭაძე, სოციალურ ქსელში გამგებელს აქებდა და აღნიშნავდა, რომ კუჭავას მხარს უჭერდა.
ჩვენს კითხვაზე _ რა შეიცვალა ამ დღეებში, როცა ერთი წლის განმავლობაში გამგებელი და მისი მუშაობდა არ მოსწონდა და ამას ჩვენთან საუბრებში აღნიშნავდა, მოგვწერა, რომ ეს მცდარი ინფორმაცია (?!) იყო.
“ნურავინ ინერვიულებს მე და ირაკლის ურთიერთობაზე, იმიტომ, რომ თითიდან გამოწოვილი თემაა, ის ყოველთვის იყო და იქნება საქმეზე ორიენტირებული ურთიერთობა”, _ გვწერდა პაიჭაძე.
პაიჭაძე იმასაც აღნიშნავდა, რომ მისთვის ” ძვირფასია პარტია ”ქართული ოცნება” და პარტიის გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და იქნება უმთავრესი.
“რაც შეეხება კონკრეტიკას, რა თქმა უნდა ვუჭერდი მხარს ირაკლის და გუნდურად ვიმოქმედებთ მომავალშიც!” _ აღნიშნავდა პაიჭაძე, რომელმაც იმ დროს არ იცოდა, რომ პარტიულ სიაში მხოლოდ მეათე ნომრად ჩასვამდნენ, შესაბამისად, მაშინ “ირაკლი კარგი ბიჭი იყო” და მასთან “საქმეზე ორიენტირებული ურთიერთობაც” ჰქონდა.