დაიწყო ახალი სასწავლო წელი და ისევე როგორც გურიის ყველა სასწავლო დაწესებულებაში , ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაშიც სიხარულის და სწავლის დაწყების თანმხლები უსაზღვრო სიხარული სუფევს.
„მშვიდად, ერთიანობით დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი. ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა დიდი ტრადიციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ათწლეულების მანძილზე თავდადებით ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. სკოლაში წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ საუკეთესო მასწავლებლები, რომელთა საქმიანობა, პირველ რიგში სკოლის ავტორიტეტზე აისახა. სწორედ მათი დამსახურებაა სკოლა რომ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში. სკოლის ადმინისტარაცია, მთელი კოლექტივი ღირსეულად აგრძელებენ ამ ტრადიციას. შედეგად, ახალი სასწავლი წლის დასაწყისში , მივიღეთ გაზრდილი კონტიგენტი და ინოვაციებით დატვირთული გაკვეთილები. ეს კი ყველას გვიხარია. ვიმედოვნებ, მჯერა,რომ კიდევ მრავალჯერ გავახარებთ სამშობლოს ჩვენი აღზრდილი საუკეთესო გოგო-ბიჭებით. კიდევ ერთხელ ყველას, ყველას ვულოცავ ახალი სასწავლო წლისდაწყებას“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა თემურ მოქიამ, რომელმაც ახლახან დაიკავა ეს პოსტი.
მეოთხე საჯარო სკოლაში მართლაც სიმშვიდე, ხალისი და თბილი განწყობა სუფევს.
_ძალიან მიხარია, რომ ამ სკოლაში მოვიყვანე ჩემი შვილი. ელენე საუკეთესო მასწავლებლის, ნათია ბოლქვაძის კლასშია და რა გიყვარს ყველაზე მეტადო, რომ ჰკითხა, პირველივე დღეს პასუხი ასეთი იყო: ეს სკოლაო. აქ სწავლობენ ჩემი უფროსი შვილები, ელენეს ძმები და სულ უყვარდა ამ სკოლაზე საუბარი, ნატრობდა, თავადაც როდის წავიდოდა სკოლაში, – ამბობს პირველკლასელ ელენე კვირჩილაძის დედა, თეონა გოგოტიშვილი.
_მე ძალიან მიხარია სკოლაში მოსვლა. ჩანთა მაქვს,…_ ცოტა დარცხვენით ამბობს პირველკლასელი მარიამ გაჩეჩილაძე.
როგორც მარიამის დედა, ქალბატონი მაია გაჩეჩილაძე ამბობს, მარიამის უფროსი და-ძმაც ამ სკოლის მოსწავლეები არიან და სწორედ ამიტომ უხაროდა სწავლის დაწყება.
_ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიყვანდით პირველ კლასში. ახლა ჩემი სამივე შვილი ამ სკოლის მოსწავლეებია. უდიდესი იმედი მაქვს, რომ აქ მაქსიმალურ განათლებას მიიღებენ და , რაც მთავარია, უსაფრთხოდ იქნებიან, _ ამბობს ქალბატონი მაია.
ბედნიერ, წარმატებულ, ინოვაციებით მდიდარ სასწავლო წელს ვუსურვებთ მეოთხე საჯარო სკოლას.
ავტორი