ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე, კვლავ დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების საფრთხე. მდგომარეობა საგანგაშოა არაერთ მონაკვეთზე. გზის საშიში დაზიანებების გამო, „გურია ნიუსში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, ოპერატიულად დაიწყო გზის მონაკვეთების შეკეთება. დაყარეს ხრეში, ცალკეული ორმული შეკეთებაც ასფალტის საფარის „დაკერებით“ გახორციელდა, თუმცა, მალევე დაზიანდა, განსაკუთრებით იქ, სადაც გზის ქვეშ წყალგამტარი გვირაბია მოქცეული. როგორც მძღოლები ამბობენ, დიდი რაოდენობის ხრეშის ნაცვლად მიწის მასა დაყარეს. ტვირთმზიდი მანქანების გავლის შემდეგ, ეს მონაკვეთი კვლავ ჩაიწია და ტრანსპორტი ერთმანეთთან გვერდის ავლას ძლივს ახერხებს.
_ ერთმანეთთან გვერდის ავლას რომ თავი დავანებოთ, სულ ადვილად შეიძლება, ეს ადგილი მოულოდნელად ისე ჩავარდეს, ტრაგედია დატრიალდეს ან მანქანებმა ორმოებში „ყვინთვით“ ავარია მოახდინონ. რა გახდა ამის გაკეთება? სამი მანქანა ხრეში არ იშოვება იქ, სადაც კარიერებით გავსებულია ყველაფერი?_ გვეუბნებიან გზაზე მოძრავი ავტომანქანების მძღოლები.
„გურია ნიუსი“ „გზამშენი-18“-ის ხელმძღვანელს თემურ ჯახვას დაუკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ჰკითხა.
_ მიწა არ არის ეგ, ხრეში დავყარეთ. მანქანები მოძრაობენ და მაინც იწევს დაბლა. ხვალ განსაკუთრებით მივხედავთ ამ ადგილს და დავყრით ხრეშს, აუცილებლად, _ გვითხრა ჯახვამ.