15 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხილვისას, ცვლილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად, სათამაშო ბიზნესის შეწყვეტაც დასახელდა. სამი მეწარმე, რომლებიც აქ სათამაშო ბიზნესს ფლობდა, როგორც ბიუროზე თქვეს, მუშაობა შეწყვიტეს.
_ წლის ბიუჯეტში, კვარტალში, დაგეგმილი იყო 250 ათასი ლარის ოდენობით გადასახადის შემოტანა. წლის დასაწყისში ამ მეწარმეებმა აქ ფუნქციონირება შეწყვიტეს. საბიუჯეტო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, _ თქვა საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კითხვაზე, რა მოხდება ამის შემდეგ, არის თუ არა კიდევ სხვა სახის სათამაშო ბიზნესი ქალაქის ტერიტორიაზე, მამაკაიშვილმა განმარტა:
_როგორც ვთქვი, სამმა მეწარმემ გადაწყვიტა წასვლა. ისინი გავიდნენ ოზურგეთიდან. ახლა აქ მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, სათამაშო ბიზნესის აპარატები აგრძელებენ ფუნქციონირებას, რომელთაგან, მილიონი ლარის ნაცვლად, (რომელიც წელიწადში აწ წასულებისგან შემოდიოდა ძირითადად), შემოვა 100-150 ათასი ლარი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ცვლილება _ თქვა მან.