საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ი. გოგებაშვილის ფონდი #602) დაცულია პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის სიმონ გუგუნავას 1892 წლის 4 მარტით დათარიღებული წერილი ივერიის რედაქციისადმი. ეს წერილი პასუხია 1892 წლის 5 იანვრის გაზეთ Кавказъ-ში დაბეჭდილი სტატიისა (ავტორი უცნობია), რომელიც ფირალობის თემას ეხება. სტატიას ძლიერ აუღელვებია გუგუნავა, რაც წერილის ტონიდან და შინაარსიდანაც ირკვევა. ის ანონიმ ავტორს მიმართავს: “…მე ვფიქრობ, რომ თქვენ გურული არ უნდა ბრძანდებოდეთ და უმართლოდ მითვისებული უნდა გქონდეს გურულობის წოდება”.
გთავაზობთ ერთ ამონარიდს: “…იმ კითხვის შესახებ, ვითომც გურულები შრომის უჩვეულობით და სიზარმაცით გადიოდნენ ფირალად, ეს მოსაზრება ყოვლად შემცდარი და უსაფუძვლოა, რადგან, საზოგადოდ, გურულები მეტისმეტი გამჭრიახნი და მახვილგონიერნი არიან…” შემდეგ ის ყურადღებას ამახვილებს იმ დეტალზე, რომ 1879 წლამდე “…ერთი ავაზაკი არ ყოფილა გურიიდან გავარდნილი” და ამას მაზრის იმდროინდელი უფროსების დამსახურებას მიაწერს. სიმონ გუგუნავა წერს: “…გურულები, საზოგადოთ მეტის მეტის კეთილშობილური თავმოყვარეობით ამპარტავნობენ და თვითოეული მზად არის იოტის ოდენა შეურაცხყოფისათვის თავის თავი მსხვერპლად შესწიროს. აქ სისასტიკე და სიმკაცრე ვერავითარ კეთილ ნაყოფს ვერ მოუტანს მაზრას თვინიერ ვნებისა და უბედურების მეტს, ამისთვის აუცილებელი საჭირო არის რაოდენ შესაძლო იქნება და მოუხერხდება ადგილობრივი მმართველობა ზოგჯერ მაინც მოქმედებდეს შეთანხმებულად ხალხის ზნეობრივის პირობებსა და ესრედ მოხერხებულისა და პოლიტიკურის მმართველობით საქმე გაკეთდება გურიაში…”
Кавказъ-ში დაბეჭდილი სტატიის ანონიმი ავტორი აცხადებდა, რომ ფირალების გაცემა და ღალატი გურულებს დიდ სირცხვილად მიაჩნიათო. ამის საპასუხოდ სიმონ გუგუნავას მოჰყავს ბევრი საინტერესო მაგალითი და დეტალი ამა თუ იმ ცნობილი ფირალის დაჭერისა და მოკვლის შესახებ, აგრეთვე გაჟღერებული აქვს ფირალების “ჩამშვები” ადამიანების გვარებიც, რომლებსაც იმდროინდელი პრესა საგულდაგულოდ მალავდა. გუგუნავა ოპონენტს მთავრობისადმი გურიის მოსახლეობის ლოიალურ განწყობაში არწმუნებს: “…გთხოვთ მიბრძანოთ, ბატონო კორესპონდენტო! რა დროს რომელი ავაზაკი შეიპყრეს და მოკლეს გურიაშიდ გაუცემლად და უღალატებლად? …ვინ გასცა სახელგანთქმული ფირალი სურგულაძე, რომელიც მოკლა კაპიტანმა ივანე დუმბაძემ? გურულმა გვარით ვანიძემ. ვინ უღალატა ავაზაკ გოგუაძეს, რომელიც მოკლა სენაკის მაზრის უფროსის თანაშემწემ ბატონმა კალანდარიშვილმა? გურულმა გვარად კუკულავამ. ვინ გასცა განდევნილი ჭყონია, რომელიც მოკლა იმ დროს პოლიციის ბოქაულად მყოფმა ბატონმა ჩიგოგიძემ? გურულმა გვარად ჭყონიამ აზნაურმა. ვინ მოკლა ღალატით… განთქმული ავაზაკი მამულაიშვილი, გურულმა გვარად თალაკვაძემ. ვინ გასცა ქუთათელაძე ფირალი, როცა შეცდომით მის მაგიერ აზნაური ვლადიმერ ბერიძე მოკლა _ პოლიციის ბოქაულმა ვაშალომიძემ. გურულმა გვარით ხაჯიბეგოვმა. ვინ მიუყვანა ღალატით ჯვარცმის ეკლესიაზედ ჩასაფრულს სტრაჟებს ავაზაკი ილარიონ დათუნაიშვილი და მისი ამხანაგები დარჩიები, რომელნიც ვეღარ დაირჩინეს და გაექცათ მოდარაჯეთ? _ გურულმა აზნაურმა მგალობლიშვილმა. ვინ გასცა იგივენი ს. ჯუმათშიდ, როცა განსვენებულმა იესე გურიელმა და მაზრის უფროსმა ბ. იაგოროვმა დათუნაიშვილი შეიპყრეს და უმფროსი ძმა დარჩია მოკლეს. გურულმა დამსახურებულმა საწყალმა ნინიძემ, რომელმანაც თავის თავი შესწირა იმავე დროს ავაზაკის გამოსროლილს ტყვია. ვინ უღალატა ორაგვეს გლეხის ბურძგლას სახლშიდ, როცა პოლიციის ბოქაულმა ბ. ჯაფარიძემ შემოჰკრა უიარაღო ხალხით სახლი და გაექცათ სახლიდგან ავაზაკი დარჩია? გურულმა კუნჭულიამ. ვინ გასცა იგივე დარჩია, როცა მაზრის უფროსი თავადი დადიშკელიანი პოლიციის ბოქაულებით და ოცის სტრაჟებით დაუხვდა ღამით ჩასაფრული რკინის გზის ლიანდაგის სუფსის ბოგარზედ და გაუქრათ ავაზაკი ხელიდგან? გურულმა აზნაურმა ანთაძემ… ვინ გასცა… საბრალო გოგიტიძე, რომლის დანაშაულობაც სრულებით აუხსნელი და გამოუძიებელი იყო და ვის დაუჟდა სიკვდილით მისი ღალატი? გურულს გლეხს გვარით ჩხარტიშვილს. მე ვფიქრობ, საკმაო უნდა იყოს ეს საბუთები თქუენის მოსაზრების დასარღვევად და სრული იმედი მაქვს შემდეგშიც მაინც აღარ იქონიებთ ამ აზრს გურულებზედ”.
მიუხედავად წერილში მოყვანილი მაგალითებისა, მოსახლეობის მხრიდან ფირალების მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. ფირალები ხალხის დიდი ნაწილის თანაგრძნობით და მხარდაჭერით სარგებლობდნენ.
“სჩანს, ყაჩაღის მოქმედება გულსა ფხანს ხალხს, მისი პროტესტი საზოგადოების პროტესტს უახლოვდება, _ წერდა ივერია, _ ყაჩაღის მიდრეკილება საზოგადოების მიდრეკილებას ჰგავს… (საზოგადოება) მწუხარებას, კვნესას, გოდებას და ოხვრას ყაჩაღის პირით ამცნობს ქვეყანას… საზოგადოების ტანჯვაცა და ყაჩაღიც შედეგია თვით ცხოვრების მოუწყობლობისა, უკანონობისა… სასტიკის ღონისძიებით არ მოისპობა ყაჩაღობა. ყაჩაღობას მოსპობს მხოლოდ განათლება, ცხოვრების განკარგება, ადამიანურ ვითარების შექმნა”. ფირალებისადმი ასეთი დამოკიდებულება კი ხშირად უკუეფექტს იძლეოდა და დამღუპველად მოქმედებდა მათზე. ზოგიერთ ფირალს, როგორც ჩანს, ე.წ. დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდა, ისინი არავის და არაფერს აღარ ერიდებოდნენ და უმეტეს შემთხვევაში, ძალადობრივად ასრულებდნენ სიცოცხლეს.