დღეს, ქალაქის მერიასთან არსებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საკითხების შემსწავლელი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყველა ის საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მერიამ ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით გასწია. ამასთანავე, საბჭოს წევრებმა იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ქალაქში აწყდებიან და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები დასახეს.
ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ აუცილებელია საბჭოს საქმიანობა ეფექტური და შედეგზე გათვლილი იყოს. ქალაქის მერმა პრობლემების გადაჭრის გზებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს საქმიანობაში თავად განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებებით აქტიურად მუშაობს. ქალაქის მერიის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, გათვალისწინებულია პანდუსების მოწყობა, რამაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს წინა წლებისაგან განსხვავებით გადაადგილების პრობლემა საკმაოდ შეუმსუბუქა. ქალაქის ქუჩებში განთავსდა სპეციალური საგზაო ნიშნები. გარდა ამისა, ქალაქის მერიაში მოქმედებს სპეციალური სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ფინანსურ დახმარებას იღებენ. (R)