შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „გურია ნიუსში“ გამოქვეყნებული სტატიის _ „რატომ გადაურიცხა ოზურგეთის მერმა საკუთარი სიძის ორგანიზაციას 30 000 ლარი“, საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
ჩვენი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოში აღიძრა და გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარეობს.
ჩვენი წყაროს თქმით, აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე ადამიანი უკვე დაკითხულია. მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გამომძიებელმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:
_ რამდენიმე დღის წინ ვიყავი პოლიციაში დაბარებული და გამომძიებელმა რამდენიმე შეკითხვა დამისვა. სულ ეს არის, რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით გითხრათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია მამაკაიშვილმა.
ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, მისცა თუ არა გამოძიებას ჩვენება ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, თუმცა, მან ჩვენი შეკითხვა ბოლომდეც კი არ მოისმინა და ტელეფონი გაგვითიშა; ხელახალი მცდელობა კი უშედეგო აღმოჩნდა _ შარაშენიძემ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა, რადგან გამოძიებას აღნიშნული უწყება აწარმოებს.
შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, გასული წლის 26 დეკემბერს, არჩევიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელი მისი სიძე, ლაშა ლომაძეა, 30 000 ლარი ჩაურიცხა.
თანხის ჩარიცხავს წინ უძღვის, ასევე, 26 დეკემბერს გამოცემული ბრძანება, რომელშიც ვკითხულობთ:
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, შშმ კატეგორიის პირების სოციალური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ფარგლებში შედგენილი საგანმანათლებლო გამაჯანსაღებელი პროექტის თანადაფინანსების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული (პროგრამული კოდი 04.02) ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან გამოიყოს 30 000 ლარი“.
ოზურგეთის მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ მომსახურებაზე ხელშეკრულება შარაშენიძეს და ლომაძეს შორის არ გაფორმებულია.
იხილეთ სტატია ვრცლად: რატომ გადაურიცხა ოზურგეთის მერმა საკუთარი სიძის ორგანიზაციას 30 000 ლარი.