ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეები დანიშნა. ეს თანამდებობები ირაკლი სირაძემ და ოსიკო თოთიბაძემ დაიკავეს. აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ ირაკლი სირაძემ დაგვიდასტურა:
_ ამ წუთებში მოეწერა ბრძანებას ხელი, _ გვითხრა სირაძემ. კონსტანტინე შარაშენიძის მრჩეველი კოკა კიღურაძე იქნება. ჯერჯერობით, ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის, ვინ დაიკავებს ვიცე-მერის პოსტს.
სირაძე ბოლო დროს “შპს მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ბუღალტრულ-ეკონომიკური სამსახურის უფროსად მუშაობდა, მანამდე, კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდში, გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იგი კონსტანტინე შარაშენიძის შტაბს ხელმძღვანელობდა.
ოსიკო თოთიბაძე კი ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.