ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება, ყოველწლიური პრემიის, „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ კონკურსის შედეგებს ასაჯაროებს და გამარჯვებულებს აჯილდოებს თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს. სამწუხაროდ, საყოველთაო პანდემიის გამო, კონკურსის ვადები გადაიწია და აღნიშნული ღონისძიება დანიშნულ დღეს ვერ ჩატარდა. ჟიურიმ მუშაობა დაასრულა და საბოლოო შედეგები 31 ივლისს წარმოადგინა.
თეატრალური საზოგადოება კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დადგენილებას აქვეყნებს. ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი კი სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება _ ზუსტი თარიღი იმ პერიოდისთვის არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე გამოცხადდება.
გამარჯვებულები 15 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
წლის საუკეთესო ქალის როლისთვის გამარჯვებული გახდა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი თამარ მდინარაძე (სპექტაკლი “კოცნა“); წლის საუკეთესო ქართული პიესისთვის “ოდისეა“ _ ავთანდილ დიასამიძე (მოზარდ-მაყურებელთა თეატრი); წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის “გრან-პრი“ _ “ქარი ქრის ვერხვებში“ რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე; წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი _ “ღია შუშაბანდი“ კახა გოგიძე (მესხეთის თეატრი); წლის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის _ “ზოოპარკის ისტორია“ ანდრო ვაჭრიძე (მესხეთის თეატრი).