დღეს, ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში ბათუმის და თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები სტუმრობდნენ.
ბათუმის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჰანგებმა“ , რომელსაც ხელოვანი ეთერ დარჩიძე ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაში 45 ბავშვი გამოდიოდა, წარმოადგინა სიმღერები, რომელთა შორის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა „იავნანამ“.
თბილისის ფოლკლორული ანსამბლი „ჩოხოსნები“, რომელსაც ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი გოგიტა ბუგიანიშვილი ხელმძღვანელობს, ხუთი სიმღერით წარსდგა მსმენელის წინაშე და მრავალი „ბრავო“ დაიმსახურა.
_ ასეთი გაცვლითი პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ბავშვები გამოდიან სხვადასხვა ქალაქებში და ერთმანეთს უახლოვდებიან, ეცნობიან ერთმანეთის პროგრამებს, ფოლკლორის სახლმა დაგეგმა. ხვალიდან ისინი ხულოს ესტუმრებიან. ჩვენ მომავალშიც აქტიურად დავგეგმავთ ასეთ პროგრამებს. „თუ გინდა სიმღერა გადაარჩინო, ის ბავშვებს უნდა ასწავლო“, _ამბობდა ანზორ ერქომაიშვილი. ეს ნაბიჯიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, _ გვითხრა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა ავთანდილ სურგულაძემ.