ამ წუთებში ოზურგეთში, სპორტის სასახლეში ,,საქველმოქმედო ასოციაცია გურია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ტრადიციულად, მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის გურიის ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
მიმდინარე წლის 13 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით (აღინიშნება 14 ივნისს), გურიის რიგით VI ჩემპიონატი სპორტის შემდეგ სახეობებში ტარდება: ნარდი, შაში, მკლავჭიდი და მჯდომარე ფრენბურთი (პარაოლიმპიური სახეობა, რომელიც წელს პირველად ტარდება).
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია: შშმ პირთა მრავალმხრივი ნიჭის წარმოჩენა; მათი საზოგადოებასთან ინტეგრაცია; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; შშმ პირთა უფლებების დაცვა, რაც პირდაპირ პასუხობს ქვეყნის მიერ გაეროს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და საქართველოს კანონს შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ.