ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში კომენტარს აკეთებენ.
“ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ დაზარლებული ოჯახები მოინახულა და შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, სტიქიისგან დაზარალებული ყველა ოჯახი შესაბამის დახმარებას მიიღებს და მათ მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
ამ დროისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობს და მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. კომისიის მიერ ზარალის დათვლის შემდეგ, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურდება. დაზარლებული მოქალაქეებისათვის ქალაქის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი”, _ უთხრეს “გურია ნიუსს” ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.