„ქართული ოცნება“ თუ შეწყვეტს მანდატებს, შესვლა არ შესვლის საკითხი დაიხურება და ამ მიმართულებით მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ბრძოლას, მაგრამ ახლა უფრო უკომპრომისოდ და უფრო მონდომებით, რადგან თუ ხელისუფლებამ გააუქმა არჩევნები, თუ მიიტაცა ძალაუფლება, სასამართლო, მხოლოდ ერთი გზა გვრჩება, ქუჩა”, _ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ბუნებრივია, სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, გარდა იმისა, რომ მშვიდობიანი აქციებით ვაიძულოთ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისზე. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს უფრო ზნეობის და ჰუმანური აქტია და თუ ამ ნაბიჯს გადმოდგამს „ქართული ოცნება“, რომ ამ ადამიანებს მოუხსნის იმ პოლიტიკურ ბრალს, რაც აქვთ წაყენებული, ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, პირადად ამ ადამიანებისთვის და ზოგადად პროცესისთვის. პოლიტპატიმრების განთავისუფლება ქართული ოცნების მხრიდან კარგი საქციელი იქნება, მაგრამ ვადამდელი არჩევნების თემატიკას ვერ ჩაანაცვლებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიცია კონკრეტულ ქმედებებს ელოდება.
„ახლა ნაბიჯები უნდა გადმოდგას „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ ქმედებებს. რეგლამენტში ცვლილებები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ის დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც დაწესებულია ევროპაში და დაწესებული იყო საქართველოში, დღეს ვერ კმაყოფილდება. ერთი ოპოზიციური პარტიაც კი არ არსებობს საქართველოს პარლამენტში, ეს არის მოცემულობა, ამიტომ მოუწიათ ამ თარგის გადაწერა გადაჭრა ახალ რეალობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კრიზისზე. თუ ვინმე ამას იმისთვის აკეთებს, რომ რაღაც თანამდებობების დაპირებით პოზიციას შევიცვლით, ეს არის არასერიოზული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციას აქციების გამართვის გარდა, სხვა გზა არ აქვს.
„თუ ვინმე ხელისუფლების დამხობას აპირებს, ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ყველა უფლება, რომელიც დღემდე არის მოპოვებული, მოპოვებულია ქუჩაში, კონსტიტუციით დადგენილი ფორმებით და საპროტესტო გამოსვლებით, რომელიც იმართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში პირდაპირი დემოკრატიის ფორმაა გამოხატვის თავისუფლება, პროტესტი, მანიფესტაცია, მიტინგი და თუ ხელისუფლება არ წამოვა კომპრომისზე, მხოლოდ ეს ერთი გზა დაგვრჩება, რადგან პარლამენტი იქნება უზურპირებული, სასამართლო უზურპირებულია, შესაბამისად ხელისუფლება უზურპირებულია, რა დაგვრჩენია ქუჩის გარდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.