„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, _ ბაღებში, სკვერებში, მშენებლობებისა და ამ ტერიტორიების მერის მიერ ერთპიროვნულად გაცემის აკრძალვა“_ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და 200 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია, რომელსაც მხარი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
პეტიციით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს რამდენიმე თვის წინ მიმართეს:
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ არის განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესი. ამ სახის ნორმატიულ აქტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არსებობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მოვითხოვთ საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლის და მე-4 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილოთ წარმოდგენილი პეტიცია – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესის შესახებ დადგენილების პროექტი“_ აღნიშნულ პეტიციას საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სხდომამდე არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს შეხვედრა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხმამაღალი საუბარი და განხილვა მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში საკრებულოს სხდომაზე. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა თემურ სალუქვაძემ, რომელმაც აღნიშნულ პეტიციას მხარი დაუჭირა. თემურ სალუქვაძის განცხადებით, ამ დოკუმენტის მიღებით და დამტკიცებით საკრებულო მიიღებს კარგ გადაწყვეტილებას, რომლითაც აუცილებლად იამაყებენ.
საკუთარი აზრი დააფიქსირეს: პროექტის ინიციატორებმა დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა გრიგოლ მახარაძემ.
ლევან ხინთიბიძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს მიერ აღნიშნული პეტიციის მიღება ამ ფორმით არის აუცილებელი, რადგან საკრებულო უნდა ითვალისწინებდეს მოქალაქეების აზრს, ეს პეტიცია კი წარმოადგენს მოქალაქეთა ინიციატივას. როგორც ხინთიბიძემ აღნიშნა, საკრებულომ პეტიციის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი, რადგან ამ პეტიციით საკრებულოს შეუძლია განსაზღვროს ქალაქის პოლიტიკა ახლა და მომავალში.
დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტმა ირაკლი პაპავას თქმით, პეტიცია სრულ თანხვედრაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და საკრებულოს სრული უფლება აქვს მიიღოს აქტი პეტიცია წარმოდგენილი ფორმით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ირინა საჯაიამ, საკრებულოს თანამშრომელმა გურამ ბერძენიშვილმა და ასევე, საკრებულოს წევრმა ნანული ორაგველიძემ, მათ წარმოდგენილ პეტიციას მხარი არ დაუჭირეს.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ ისაუბრა, თუ რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული პეტიციისთვის საკრებულოს მხარი დაეჭირა:
“პირდაპირ გეტყვით, ეს იყო მერის და მერიის სამსახურების უპასუხისმგებლო საქციელის გამო გაკეთებული, მიწის ნაკვეთები პირდაპირი განკარგვის წესით ისე იცემოდა, რომ არავითარი შემოსავალი და მოგება ქალაქის მერიას არ რჩებოდა. საზოგადოებრივი ადგილები, როგორიცაა ე.წ. სკვერები, პარკები აღარ დარჩა ოზურგეთში და დაგეგმილია რომ კიდევ გაიცეს და გასხვისდეს, კიდევ უნდა გავიდეს ეს საკითხები საკრებულოზე და უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ რახან მერის ინიციატივაა უმრავლესობა დაუჭერს მხარს. სამი წლის განმავლობაში მოვითხოვდი არ გაეცათ განკარგვის წესით ტერიტორიები“.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ თავისი აზრი დააფიქსირა, წარმოდგენილ პეტიციას არ დაეთანხმა და მხარი არ დაუჭირა.
საკრებულოს გადაწყვეტილება „გურია ნიუსთან“ განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ:
„დღეს ქალაქ ოზურგეთის საკრებულო მზად იყო მიეღო პეტიცია, რითიც ხაზს უსვამდა მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას და აუცილებლობას თვითმმართველობის განსახორციელებლად. პეტიცია ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში იქნა შესწავლილი და განხილული. შინაარსთან მიმართებაში საკრებულო მხარს უჭერდა პეტიციას, რითიც იღებდა ნორმატიულ აქტს, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გახორციელდებოდა. კერძოდ, ამ დადგენილებით კონკრეტულად განისაზღვრებოდა რეკრეაციული ზონები და საზოგადოებრივი სივრცეები (რომელთა გასხვისებაც კანონით იზღუდება მანამ, ვიდრე ის არ დაკარგავს ფუნქციურ დანიშნულებას) და ამ ზონაში იმ ობიექტთა ჩამონათვალი, რისი მშენებლობის ნებართვაც დაიშვებოდა. ჩვენ ვეთანხმებით ჩამონათვალს, მაგრამ საჭიროდ მიგვაჩნდა დამატებით შეგვეტანა ბულვარებში და პარკებში მსუბუქი კონსტრუქციის კაფე-ბარების არსებობის შესაძლებლობა, რადგან ვთვლით, რომ აღნიშნული ობიექტები, უნდა იყოს ამ ტერიტორიებზე და მოქალაქეებს, დამსვენებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სრული სერვისით. ნებისმიერ ქვეყანაში, ქალაქში მსგავსი ტიპის კაფეები და ბარები გვხვდება ბულვარებსა და პარკებში და რატომ უნდა იყოს ქალაქი ოზურგეთი გამონაკლისი და მისი მაცხოვრებლები მტკიცედ რეგლამენტირებულნი, რომ გარდა იმისა, ხეების ჩრდილში დაისვენონ, იქვე ღია ტიპის კაფითაც ისარგებლონ და ამასთანავე ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი ქალაქისთვის დამატებითი შემოსავალი იქნებოდა? ამ შენიშვნაზე კატეგორიული უარი მივიღეთ, რაც ნიშნავდა, რომ პროექტის შემოთავაზებული ფორმით მიღება გამორიცხავდა მსგავსი ობიექტების შექმნის შესაძლებლობას სამომავლოდ.
აგრეთვე მოვითხოვეთ პეტიციის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის რედაქტირება. არა მისი ამოღება არამედ რედაქტირება, რადგან საკრებულოსთვის თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლით მონიჭებული უფლება პირდაპირი განკარგვის წესთან დაკავშირებით კოლეგიალურ ორგანოს ჩვენვე უნდა გაგვეუქმებინა. პეტიცია ამ ნაწილში ავალებდა საკრებულოს უარი ეთქვა კანონით მინიჭებულ უფლებაზე და დაეწესებინა თვითრეგულაცია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ურთიერთშეთანხმებით მივაღწევდით რედაქტირებას და საკრებულოს არ მოუწევდა საჩოთირო გადაწყვეტილების მიღება, რითიც ის ირიბად და პირდაპირ გამოსცემდა აქტს, სადაც ხაზს გაუსვამდა მისთვის ,,აუცილებელ“ შეზღუდვაზე, აქაოდა, იმ მიზნით, რომ საკრებულოს წევრები მსგავსი ტიპის არჩევანის გაკეთების უფლების შემთხვევაში არ არიან სანდონი ,,და ისინი ვერ გამოიტანენ სწორ გადაწყვეტილებას. საკრებულომ ჩათვალა, რომ ეს იყო ზეწოლა მასზე და ირიბი მინიშნება, რომ მას სჭირდებოდა კონტროლი. ამ ,,ეჭვის“ სისწორე განხილვისას და დებატების დროს გამოიკვეთა კიდეც, როდესაც საკრებულოს წევრმა განგვიცხადა, რომ სწორედ ეს იყო პეტიციის არსი, სწორედ ზეწოლა უნდა განხორციელებულიყო და ამგვარად პეტიცია, როგორც რეკრეაციული ზონის განმსაზღვრელი, ნორმატიული აქტის პროექტი, იღებდა იმ დატვირთვას რაშიც არცერთი საკრებულოს წევრი, რომელსაც მიაჩნია, რომ საკუთარი შეხედულებებით იღებს გადაწყვეტილებას და რომ საკრებულოს წევრს არ სჭირდება თვითრეგულაცია ცდუნებისაგან თავდასაღწევად, მხარს არ დაუჭერდა. ხაზს ვუსვამ, რომ საკრებულოს დღევანდელი უმრავლესობა ელოდებოდა კონსესუსს და გამოხატავდა სურვილს ამ კონკრეტული პეტიციის მისაღებად, მაგრამ არა საკუთარი დისკრედიტაციის ხარჯზე და არც საკუთარი უფლების მის მიერვე ჩამორთმევაზე. პეტიციის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ დადგენილების მიღების მიზანი, საჯარო სივრცეების შემცირების ხელისშეშლის მიზნით არის განპირობებული, დადგენილების მიზანია სარეკრეაციო რესურსისა და საზოგადოებრივი სივრცის შენარჩუნება. პეტიციის მე-4 მუხლი არ გამორიცხავს ქონების აუქციონის წესით გადაცემას. აქედან გამომდინარე, შედეგად ვიღებთ ამ ტერიტორიებზე აშენებულ განსაკარგავ სხვადასხვა ობიექტს, რითიც შედეგი არ იცვლება. ქონება აუქციონითაც სხვისდება. სამაგიეროდ, თვითშეზღუდვის შემთხვევაში, საკრებულო აღარ იტოვებდა არჩევანს, საკუთარი კომპეტენციის დაფიქსირებას რისი საშუალებაც მას თვითმმართველობის კოდექსმა მიანიჭა.
სამწუხაროდ, მუხლობრივ კენჭისყრაზე, რედაქტირებაზე და ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებაზე პროექტის ავტორები არ დაგვთანხმდნენ, რამაც გამოიწვია საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით საკითხის თავდაპირველი სახით გამოტანა. რადგან საკრებულოს წევრები მივიჩნევთ რომ მსგავსი დადგენილება მისაღებია, ჩვენ გადავწყვიტეთ, პროექტი, რომელიც საკრებულოს უკვე შემუშავებული აქვს, განვიხილოთ და დავიწყოთ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დადგენილების მისაღებად სარეკრეაციო ზონებთან დაკავშირებით“.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ “გურია ნიუსთან“ კომენტარები გააკეთეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამაზ ტრაპაიძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, გრიგოლ მახარაძემ.
გრიგოლ მახარაძე: „ეს პროცესი იყო მოქალაქეების მიერ დაწყებული, მოქალაქეების მიერ ინიცირებული, ამაში იყო ჩართული ოზურგეთში მოქმედი ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა ამას მხარს, ხელი მოაწერა 200-მდე მოქალაქემ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი მაგალითი თვითმმართველობაში სამოქალაქო ჩართულობის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ შედგა“.
თამაზ ტრაპაიძე: „ფაქტია, რომ საკრებულო ვერ შეელია ვერანაირად, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი სივრცის, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემა კონკრეტული პირებისათვის, თუ რატომ ვერ შეელია, ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ. ადრე ხდებოდა, რომ უსასყიდლოდ, იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაიცემოდა საზოგადოებრივ სივრცეებში ქონება სხვადასხვა ფორმით, ეს იყო აღნაგობის, უზურფრუქტის, თუ იჯარის ფორმით, დღემდე ხდებოდა ასეთი რაღაცეები, მაგრამ ჩვენი პეტიცია სწორედ ამას გულისხმობდა, რომ უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის წესით ეს არ მომხდარიყო“.