ექსპერტი მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პანკისიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომლის სახელს და გვარს ჩვენთან საუბრისას ვერ აკონკრეტებს, ხალხს იმისთვის ეძებდა, რომ ზაზა სარალიძე გაეტაცებინა. ,,გურია ნიუსმა“ არეშიძეს ჰკითხა, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აჟღერებს აღნიშნულ ბრალდებებს? როგორც ექსპერტი გვეუბნება, ინფორმაციის შესახებ წყარომ პანკისიდან აცნობა.
,,ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ, სავარაუდოდ, ,,ნაციონაური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ხალხს იმისთვის ეძებდა პანკისის ხეობაში, რომ ზაზა სარალიძის გატაცების თუ ლიკვიდაციის იმიტაცია მოეხდინა. ეს ინფორმაცია პანკისიდან მივიღე, რასაც სწორად არ ჩავთვლიდი რომ არა აქციაზე ზაზა სარალიძისა და კუპრავას მიერ გაკეთებული განცხადებები. გავიხსენოთ წინა ხელისუფლების თავდასხმები, რამაც მაშინდელ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა მოუპოვა, როგორც ჩანს, იმავე მეთოდის გამოყენებას აპირებს ,,ნაციონალური მოძრაობა“. ზაზა სარალიძის გატაცებისა და თავდასხმის საფრთხე იარსებებს მუდმივად იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გაღვივდეს, ამ ადამიანს სწორედ ამ მიზნებისთვის იყენებენ“,_ გვითხრა არეშიძემ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარფის მამამ, ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრს 10-დღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ გააყალბა გამოძიება. ამასთან, 10 ივნისს, ოპოზიციის ნაწილი რუსთაველის გამზირზე აქციებს აანონსებს.