პანკისში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მომხდარის შედეგად გარდაცვლილია 1, დაშავებული 3 ადამიანი კი გადაყვანილია საავადმყოფოში.
რა გახდა დაპირისპირების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებისთვის უცნობია, თუმცა, როგორც “ნიუპოსტი” იუწყება, მომხდარის შესახებ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთით, სოფელ საკობიანოსთან შემთხვევა მანამდე არსებული ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელებაა, ხოლო მეორე ვერსიით, ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება.
როგორც პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა “ნიუსპოსტთან”საუბარში განაცხადა, ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა, მისივე მტკიცებით, არანაირ ჰესების კონფლიქტს მომხდართან კავშირი არ აქვს.