თბილისის საქალაქო სასამართლო ”პანორამა თბილისთან” დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქმისწარმოება ნაწილობრივ შეწყდა.
”თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ნაწილობრივ შეწყვიტა საქმის წარმოება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე, მოპასუხეების სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მხარეთა შორის დავის საგანს ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა თანახმადაც, თბილისში, კოჯრის ახალ გზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის „სოლოლაკის ბაღების“ და „სოლოლაკის მაღლობის“ მშენებლობის ნებართვები გაიცა.
ასევე, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც საიას საჩივარი აღნიშნულ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით განუხილვევლად იქნა დატოვებული.
სასამართლომ, საქმის მთავარ სხდომაზე, ზეპირი მოსმენით, საქმის წარმოება შეწყვიტა მოპასუხე სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ არსებული მოთხოვნების ნაწილში მათი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გასაჩივრებული აქტების შესახებ მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის ივნისში, ხოლო მათ მიერ ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინეს ერთი წლის შემდგომ (2016 წლის ივნისი), ნაცვლად კანონით დადგენილი ერთი თვისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა რჩება წარმოებაში და საქმის განხილვა გაგრძელდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.