შესავალი
გურული ვარ, თან პროფესიით ჟურნალისტი, მაგრამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ნამყოფი არ ვიყავი. პირველად 2012 წელს ჩავედი და ეს ჩასვლა სოფლის მონახულების სურვილს, სამწუხაროდ, არ უკავშირდებოდა. მაშინ ნიგვზიანში მძიმე დღეები იდგა. ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი თემი დაუპირისპირდა. მიეცემოდა თუ არა მუსლიმ მრევლს საკუთარ სამლოცველოში ლოცვის უფლება – კონფლიქტის მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო. 2012 წლის მოვლენის შემდეგ 8 წელი გავიდა. სოფელში ახლა მეორედ წელს ჩავედი. პირველი რაც შევამჩნიე, პირველი ჩასვლის შემდეგ, უცვლელი დამხვდა _ მეჩეთისკენ მიმავალი დაზიანებული გზა. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, მისი რეაბილიტაცია წელს უნდა დაიწყოს. პარასკევის ტრადიციული ლოცვის დაწყებამდე მუსლიმების სალოცავში ოთხი ადამიანი დამხვდა. 14 საათისთვის კი, დაახლოებით, 150-მდე ადამიანმა მოიყარა თავი და ლოცვა კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით შეასრულეს.
ლოცვა კორონავირუსის დროს
2014 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC,) გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ეწერა, რომ სოფელში სიტუაცია სტაბილური გახდა და ქრისტიანები და მუსლიმანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. მართლაც, აღმოჩნდა, რომ წლების გასვლასთან ერთად ვითარება კიდევ უფრო მშვიდი გახდა. არჩილ კახაძე ნიგვზიანის მეჩეთის იმამია. ის მეუღლესთან ერთად სოფელში 30 წელზე მეტია, რაც ცხოვრობს. ‘’გურია ნიუსთან’’ საუბრისას ის ამბობს, რომ სოფელში ორი თემი მუსლიმები და მართლმადიდებლები თავიანთ სალოცავებში უპრობლემოდ ლოცულობენ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში, მაღალმთიან აჭარიდან, გასული საუკუნის 80-იან წლებში გადადიან საცხოვრებლად.
არჩილ კახაძე: “2012 წლის შემდეგ ნამდვილად დიდი წინსვლა შეინიშნება, როგორც იქნა, ერთმანეთს გავუგეთ ადამიანებმა და ჰარმონიულად გავაგრძელეთ ცხოვრება. მინდა ვთქვა, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ერთმანეთი უნდა დავაფასოთ, ის ლაქა, 2012 წლის მოვლენების სახით, ყველამ უნდა დავივიწყოთ და ასეც არის. შევძელით დავიწყება. ღმერთს მადლობა, რომ დღეს ყველაფერი კარგად არის. 2012 წლის იმ მოვლენების გარდა სხვა დაპირისპირება არასდროს გვქონია, არც ადრე და არც მერე. დღეს თბილი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ხალხმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო, თუ რას ნიშნავს მუსლიმი, რას ნიშნავს მართლმადიდებელი. მეტი გაიგეს პარასკევის ლოცვის შესახებ, მეჩეთის შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღეს და რაც მთავარია, ერთმანეთის მიმართ გაუჩნდათ პატივისცემა და ნდობა. მთავარი პრობლემა ჩვენთვის ახლა ის არის, რაც მთელი მსოფლიოსთვის: კორონავირუსი… პანდემიას ერთად ვებრძვით. ლოცვით, ვედრებით, წესების დაცვით თუ სხვა ფაქტორებით ამ პრობლემასაც დავძლევთ და ვირუსს დავამარცხებთ. ერთი წელია, უკვე პანდემიის რეჟიმში ვართ, მაგრამ წესების და რეკომენდაციების დაცვით ვმოქმედებთ, ამიტომ, სალოცავში დაინფიცირების ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა. ყოველ პარასკევს 150-200 ადამიანი იკრიბება სალოცავად. ისინი, როგორც წესი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი არიან, თუმცა ხანდახან შეიძლება გზად მიმავალ მუსლიმს მოუსწროს ლოცვის საათმა და ასეთი ადამიანიც შემოგვიერთდეს.
ლადო სურმანიძე, მუსლიმი თემის წინამძღვარი: ჩემი ოჯახი სხალთის ხეობიდან, სოფელ ფაჩხადან არის, მე 32 წელია აქ ვცხოვრობ. ვასრულებ ღვთისმსახურებას, ეს ისეთი რამ არის, რაც უნდა მინდოდეს, სიტყვებით ვერ აღვწერ. როცა ადამიანი დღის მანძილზე ხუთჯერ დაიჩოქებს ალაჰის წინაშე და მსოფლიოსთვის, სამშობლოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის მშვიდობას შესთხოვს, ეს არის ენით აღუწერელი რიტუალი. ალაჰი ყოველთვის შეისმენს ჩვენს ვედრებას, მას ესმის ჩვენი გულწრფელი სიტყვის. კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა, ჩვენც შევაჩერეთ მასიური ლოცვა. დაახლოებით 5 ადამიანი ვასრულებდით ღმრთის მსახურებას, მაგრამ მერე მუსლიმი თემის ლოცვაზე დასწრება ყველა წესის და კანონის დაცვით გაგრძელდა. პარასკევის ლოცვა რა არის? – ალაჰისგან ჩვენთვის ნაბოძებია დღეში ხუთჯერ ლოცვა, რომელმაც მუსლიმმა თემმა აუცილებლად უნდა შეასრულოს.
გულნაზი
გულნაზი კახაძე მეუღლესთან არჩილ კახაძესთან ერთად სოფელ ნიგვზიანში 30 წელზე მეტია ცხოვრობს.
გულნაზი კახაძე: ნამდვილად შეიცვალა ყველაფერი, ვერც კი ვიჯერებ, რომ ასე დალაგდა ჩვენი ურთიერთობები სამეზობლოსთან. ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა ერთმანეთს ვეხმარებით სხვადასხვა სამეურნეო საქმეში. ბევრმა ქრისტიანმა ისურვა, რომ ჩვენი სამლოცველო შიგნიდან ენახათ, რა თქმა უნდა, ნება მივეცით. ჩვენ მადლობას ვწირავთ ღმერთს იმისთვის, რომ ჩვენმა მეზობლებმა საბოლოოდ სწორად დაგვინახეს და შეგვაფასეს. დიასახლისი ვარ, მაჭანკლობით შევქმენით ოჯახი. ახლა ბავშვებს რომ ველოდებით, როდის მოგეხსნებათ მათი პირადი ცხოვრების ამბავს, მაშინ ასე სად იყო.
ჩვეულებრივი გლეხური ოჯახი შევქმენით. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და სწავლა ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ, მინდა ჩვენმა შვილებმა ისწავლონ. ორივე, გოგონაც და ბიჭიც სტუდენტები არიან და ძალიან მახარებს ეს ამბავი. მათ უნდა აინაზღაურონ ყველაფერი, რაც მე და ჩემს ქმარს დაგვაკლდა. პარასკევის ლოცვას ანუ ყოველკვირეულ ბაირამობას მამაკაცები ჯგუფურად ასრულებენ ხოლმე. ხუთი დროის ანუ ნამაზის ლოცვას ჩვენ, ქალები ვაგვიანებთ, მამაკაცები შუა ლოცვაში რომ არიან, ჩვენ სახლში მაშინ ვიწყებთ ლოცვას. პარასკევს სახლში ვლოცულობთ. სხვა დღეებში კი შეგვიძლია სამლოცველოში, სპეციალურად ჩვენთვის განკუთვნილი ოთახიდან მოვუსმინოთ ლოცვას. ისე კი დავდივართ, ჩვენს წმინდა სახლს ვალაგებთ და ვუვლით. რწმენა ისეთი რამეა, მაგის ახსნა ძალიან რთულია. არა აქვს მნიშვნელობა, ქრისტიანი ხარ თუ მუსლიმანი თუ ჭეშმარიტად გწამს, რელიგიური რიტუალების შესრულება სიამოვნებას განიჭებს. ამ დროს ცდილობ მეტი გააკეთო, რომ იმ ქვეყნად როცა წავალთ, უფლის წინაშე თავი დასახრელი არ გვქონდეს. აქ უნდა ვიშრომოთ ჩვენი შეცდომების გამოსწორებისთვის, რომ იქ უნაკლოები წარვდგეთ და ის სიამოვნება დავიმსახუროთ, რომელიც იმ ქვეყნად არის.
ორი რელიგიის ოთხი წარმომადგენელი
დავით შაინიძე, მუსლიმი მრევლის წარმომადგენელი: “20 წელზე მეტია გურიაში ვცხოვრობ, ხულოდან ვარ წარმოშობით. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს მეზობლებთან, ამ სოფელში მცხოვრებლებთან. მამაჩემი სულ ლოცულობდა და მეც ავყევი, მეც სულ ვლოცულობ. არავის დაუვალებია ან დაუძალებია ეს პროცესი. ჩემთვის ლოცვა ძალაა, მთელი ცხოვრებაა ვლოცულობ და ვმუშაობ. როცა ჯუმაზე მოვდივარ, ეს სხვანაირი დღეა. რაც უნდა ხდებოდეს, ლოცვას არაფრით გავაცდენ, ავად ვარ თუ კარგად, მაინც მოვდივარ.
როინ ქამადაძე, მუსლიმი თემის წარმომადგენელი: “ადამიანი ადამიანობით უნდა დავაფასოთ, მნიშვნელობა, არ აქვს რომელი რელიგიის წარმომადგენელია. მთავარია, ურთიერთგაგება გვქონდეს. ახალგაზრდები ხშირად დადიან პარასკევის ლოცვაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უზენაესი ალაჰის ბრძანებაა, რომ პარასკევს დღეს ლოცვის რიტუალი ხალხთან ერთად, ჯგუფურად უნდა შესრულდეს. ერთად ლოცვას უფრო დიდი ძალა აქვს. როგორც იტყვიან, ძალა ერთობაშია.
“ სოფელში ახალი სკოლა გაკეთდა, ბაღი გაკეთდა, სანიაღვრე არხებიც მოაწესრიგეს. დაპირებაა, რომ გზის რეაბილიტაციაც მოხდება, მოსახლეობა აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს. უკვე დავთესეთ კარტოფილი, გვაქვს თხილის ბაღები და გვყავს შინაური ცხოველები“.
ამირან დობორჯგინიძე, სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი: ნიგვზიანში, წლების წინ ერთი სახის რელიგია იყო, ხოლო შემდეგ გარკვეული რაოდენობის ოჯახები აჭარიდან გურიაში ჩამოსახლდა. ვფიქრობ, რომ მოსახლეობა ადაპტირების პროცესს გადიოდა და დაპირისპირებაც 2012 წელს სწორედ ამან გამოიწვია. ახლა მთავარი არის ის, რომ ორივე რელიგიის მრევლმა მოახერხა ერთმანეთთან დაახლოება. ჩვენ უკვე თავისუფლად შეგვიძლია ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. სკოლაში რელიგიის კუთხე გვქონდა მოწყობილი. მუსლიმი ბავშვების უფლებები რომ არ დარღვეულიყო, ავიღეთ. სოფლის ცენტრში არის ორივე მრევლისთვის სალოცავი და ვისაც სადაც სურს, იქ შეუძლია ილოცოს. ყველა თავისუფალია მის არჩევანში. ნიგვზიანის სკოლაში 220 მოსწავლეა, ყველანი ვცდილობთ, ბავშვებს ერთმანეთთან სიახლოვეში დავეხმაროთ. ისინი ერთმანეთის მეგობრები და ახლობლები არიან. ვამაყობ, რომ იმ სკოლაში, სადაც მე ვარ დირექტორი, ორი სარწმუნოების ბავშვები არიან და მათ ჰარმონიული ურთიერთობები აქვთ. ორივე რელიგიური მრწამსის მოსწავლეებს ვულოცავთ თავიანთ დღესასწაულებს, მეც და პედაგოგებიც. რწმენის არჩევანში ადამიანი თავისუფალია და ეს თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს. ვფიქრობ, 2012 წლის კონფლიქტიდან ადამიანებმა ბევრი რამ ვისწავლეთ, განსაკუთრებით კი ერთმანეთის და სხვა რელიგიის პატივისცემა.
მამა ირაკლი, სოფელ ნიგვზიანის წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური: მე პირადად წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი უკვე 7 წელია ვარ. როცა სოფლის ტაძარში მივედი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს კურთხევა იყო, რომ ნიგვზიანში მშვიდობა დამყარებულიყო და დაპირისპირება აღარ გაგრძელებულიყო. ნიგვზიანი დიდი სოფელია და გადავწყვიტე მრევლთან ახლო ურთიერთობა მქონოდა. სასულიერო პირებთან ერთად დავდიოდი სოფლის უბნებში და აქტიურად ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხზე. ვსაუბრობდით იმაზეც, რომ მუსლიმ მრევლსაც ზუსტად ისეთივე უფლებები ჰქონდა, როგორიც ქრისტიანებს. მინდა ვთქვა, რომ სოფლის ცენტრში არის დედათა მონასტერი, რომელიც სასმელი წყლით მეჩეთის ტერიტორიიდან სარგებლობს. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები და ერთმანეთთან უნდა ვმეგობრობდეთ და კიდევაც ვმეგობრობთ. ღვთის ნებით, ეს ასეც მოხდა. 2012 წლის და 2021 წლის ნიგვზიანს შორის მართლაც დიდი უფსკრულია. კარგად იგრძნობა ისიც, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ამ უფსკრულში დატოვეს აგრესია, კომპლექსები, ყოველივე უცხოს შიში და დღეს ერთმანეთის პატივისცემით, მშვიდად თანაცხოვრობენ. ამის ნათელი სიმბოლო სოფლის ცენტრში მდებარე დედათა მონასტერია, რომელიც სასმელი წყლით მეჩეთის ეზოდან მარაგდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი ზაზა მიქელაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს, თუ რა როლი უნდა ითამაშონ ორი რელიგიის მრევლისთვის პრობლემის ბოლომდე ამოწურვაში სახელმწიფომ, საზოგადოებამ და სასულიერო პირებმა.
სახელმწიფო: სახელმწიფოსთვის მთავარი მექანიზმი, ბერკეტი იმისა, რომ კონკრეტულ ჯგუფებს შორის რაიმე ფორმით დაპირისპირებები იქნეს თავიდან აცილებული, არის შემდეგი: სახელმწიფომ პრობლემების არსებობა უნდა აღიაროს და შეაფასოს სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში. ეს უნდა იყოს სისტემური და ემსახურებოდეს კონფლიქტების ტრანსფორმაციას. ჩემი შეფასებით და ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს რელიგიური ნეიტრალიტეტი, საქმეში ჩართვის დროს არ იყოს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მიმართ ემოციურად მიბმული და ჰქონდეს თანასწორი მიდგომა ყველა კონფესიასთან მიმართებაში. აუცილებელია ჰქონდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია მოქალაქეებს შორის ურთიერთობის აღდგენისა და მშენებლობის კუთხით. როცა სახელმწიფო აღიარებს თანასწორობის პრინციპით ყველას ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ და არ დატოვებს უსამართლობის განცდას, რომ არსებობს პირველი და მეორე ხარისხის მოქალაქეები, ბუნებრივია, მაშინ დაიწყება სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ მოქალაქეების მხრიდან ნდობის აღდგენის პროცესი. დაპირისპირების დროს ასევე, მას ექნება ლეგიტიმაცია ჩაერთოს, როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის მთავარი წყარო, ის შეძლებს ესაუბროს თავის მოქალაქეებს მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს უშუალოდ თემში მუშაობა შესაბამისი უწყებების მიერ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. აღნიშნული უზრუნველყოფს ადამიანებს შორის, ადგილობრივ სივრცეში, იმ საერთო პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას, რომელიც სოფელს, თემს შეიძლება ერთნაირად აწუხებდეს. ანუ ეს იყოს საერთო პრობლემა მათთვის. შესაბამისად მსგავსი მიდგომა საზოგადოებას შეუქმნის ისეთი სივრცეს, სადაც ისინი შეძლებენ საერთო პრობლემებზე გაამახვილონ ყურადღება, რაც შესაძლოა იყოს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის. მაშინ, როცა საერთო პრობლემები საზოგადოებაში იჩენს თავს, შესაძლოა კონფლიქტის მიზეზები, რომელიც განმასხვავებელი ფაქტორებიდან მომდინარეობს უკანა პლანზე იყოს გადაწეული და ნდობის აღდგენას შეეწყოს ხელი. ამრიგად, რომ შევაჯამოთ, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იყოს ერთის მხრივ თანასწორ მიდგომაში საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიმართ. მას ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა და მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით უზრუნველყოს პროცესების წარმართვა, ამასთანავე, კანონის უზენაესობასთან ერთად ფიქრობდეს დღის წესრიგში დამდგარი დაპირისპირების მიზეზების ანალიზზე დაყრდნობით კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, რომელიც შედეგს გამოიღებს და ადგილობრივ სივრცეში ყოფით საკითხებსაც კი მოაგვარებს.
საზოგადოება: რაც შეეხება საზოგადოების საკითხს _ საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ თვითონ შეძლონ ერთი მხრივ ერთმანეთის თვალით დაინახონ სამყარო, ერთმანეთის თვალით ნახონ რას ნიშნავს, როცა შენ გექცევიან ისე, როგორც არ გინდა რომ შენ გექცეოდნენ, ისე ექცევი შენგან განსხვავებულს, როგორც არ გინდა, რომ ის მოგექცეს შენ. განცდა იმისა, რომ ,, ჩვენ“ და ,,თქვენ“ ვართ უნდა შეძლოს და აღმოფხვრას საზოგადოებამ უფრო მჭიდრო კომუნიკაციით, უფრო მეტი ამტანობით, გაგებით და კავშირით ერთმანეთთან, რაც, ასევე საერთო პრობლემებზე ყურადღების გამახვილების კუთხით მათ მისცემს შესაძლებლობას განმასხვავებელი ნიშნები, რაც შეიძლება არსებობდეს საზოგადოების ამ ჯგუფებს შორის იქნას სხვა რაკურსით დანახული და უფრო მეტად უზრუნველეყოთ არა განცალკავება, არამედ მშვიდობის და კომუნიკაციის გამყარება საზოგადოების ამ რგოლებს შორის, თავად საზოგადოებრივი, სოციალური სტაბილურობისათვის. მე ძალიან კარგად მესმის, არსებობს გარკვეული ტიპის სენსიტიური საკითხები რელიგიური, ეთნიკური, ნაციონალისტური და სხვა და სხვა მიმართულებით, თუმცა, აუცილებელია საზოგადოებამ შეძლოს ემოციის ნაცვლად ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთის საჭიროების აღიარება და ამით იმ მომავლის შექმნა და უზრუნველყოფა, რომელიც მათ შეუქმნით უკეთეს თანასწორ სივრცეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიტიური გამოცდილებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს გარკვეულ ინდივიდებს შორის ურთიერთობაში ან ისტორიაში, რომელიც ჩვენ არაერთ დასახლებაში გვქონდა, ამ საკითხების წინა პლანზე წამოწევა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, როცა ადგილობრივ მუსლიმებსა და ადგილობრივ ქრისტიან მოსახლეობას შორის სამლოცველოების მშენებლობის დროს იყო ერთმანეთთან გაზიარების, თანამონაწილეობის შემთხვევები. ერთმანეთის სამლოცველოებს აშენებდნენ ისინი. ასევე ის გამოცდილებები, რომლებიც დღესაც შეიძლება არსებობდეს, როცა ეკლესიის მშენებლობაში მუსლიმები არიან ჩართულები ან მეჩეთის შენებაში მართლმადიდებელი სასულიერო პირები. ამ ფაქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთის დანახვა შეძლონ არა როგორც პოტენციურმა მტრებმა, არამედ, როგორც ერთი სივრცისა და საზოგადოების წევრებმა, სადაც ისინი შეძლებენ უკეთესი გარემოს შექმნას და უზრუნველყოფენ იმ კავშირების ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია.
სასულიერო პირები: ძალიან დიდი როლი ენიჭება სულიერ ლიდერებს, ზოგადად რელიგიას, რადგან ისინი არ უნდა გახდნენ მთავარი სიძულვილის წყაროები, პირიქით, პოზიტიურ როლს უნდა ასრულებდნენ, უნდა გახდნენ მოტივატორები დანარჩენი ადამიანებისთვის, სულიერი სივრცის მკვებავები, რომ არ გახდეს რწმენით სენსიტიური საკითხები დაპირისპირების მთავარი საფუძველი. მათ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია. მე მიმაჩნია, რომ რელიგიებსა და სასულიერო პირებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია შექმნის შესაძლებლობას ერთმანეთის აღიარებისა, მათ შორის კავშირის იმ საფეხურზე ასვლისა, რომელიც ნდობას აღადგენს და განავითარებს ერთ საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფს შორის. ეს იქნება მაგალითი თითოეული სასულიერო პირისა მრევლისათვის, რომ თურმე შესაძლებელია ადამიანებს, ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრებს ჰქონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით. თუ ჩვენ ყოფით დონეზე, სხვადასხვა სივრცეში, შეიძლება გვქონდეს კავშირი და რადგან ადამიანობის ნაწილია თავად რელიგიაც, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა განმტკიცდეს ურთიერთობა და ნდობა. ეს არის კომპლექსური საკითხი. სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, საზოგადოებას-თავისი. ამასთანავე პასუხისმგებლობა ენიჭება რელიგიურ, საგანმანათლებლო და აკადემიურ სივრცეებს. აკადემიურმა სივრცემ უნდა უზრუნველყოს წარმოაჩინოს არსებული პლურალიზმი და მას მისცეს პოზიტიური შემეცნების სახე, რომელიც არ შექმნის რაიმე ფორმით სიძულვილის ენას რაიმე ნიშნით ერთმანეთისგან განსხვავებულობის მიმართ. აკადემიურმა სივრცემ მეცნიერულად და რაციონალურად უნდა შეძლოს ყველაფრის ანალიზი, რომელმაც უნდა შეუქმნას საფუძველი ამ სივრცეში მოღვაწე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ მეტი ცოდნა და ქვეყანაში რეალური ისტორიული პროცესებიდან დღევანდელობამდე არსებული მრავალფეროვნების ანალიზით, მისი დადებით მხარეები წარმოაჩინონ სკოლებში თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური კულტურული გარემოს შესაქმნელად. მე საკითხს ვხედავ სისტემურად. ვერც მხოლოდ სახელმწიფო, ვერც მხოლოდ საზოგადოება, ვერც მხოლოდ რელიგია და ვერც ცალკე აღებული აკადემიური სივრცე ვერ შეძლებს არსებული გამოწვევების მოგვარებას. კომპლექსურად, მასშტაბურად, სისტემურად პრობლემების აღიარების ფონზე, ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ფართო მასშტაბიანი ჩართულობითა და თანამონაწილეობის პრინციპის დაცვით უნდა იქნას გადაწყვეტილი და მოგვარებული ნებისმიერი საკითხი.
დასასრული
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 11. თანასწორობის უფლება
1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.
,,მასალა მომზადდა პროექტის “ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს”.
ავტორი