საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა “გურია ნიუსის” მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაბა ანასეულში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.
“თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე, რომელიც ეხება დაბა ანასეულში რადიაციული კერების არსებობის საკითხს, გაცნობებთ რომ საკითხი მეტად აქტუალურია.
ოფიციალურად მივმართეთ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, რომელსაც დაევალა უმოკლეს ვადაში მოგვაწოდონ ინფორმაცია რა მდგომარეობაა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. ხორციელდება თუ არა კონკრეტულ ტერიტორიაზე რადიაციული მონიტორინგი, უზრუნველყონ შესაბამისი კვლევების ჩატარება და მოგვაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას აპირებენ უახლოეს მომავალში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მათ გარკვეული ვადა აქვთ საპასუხოდ, კომიტეტი დაელოდება მათ პასუხს, რის შემდეგაც დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდან პასუხის მიღებისთანავე შემდგომი ღონისძიებების თაობაზე გაცნობებთ დამატებით“, _ მოგვწერეს გარემოს დაცვის კომიტეტიდან.
შეგახსენებთ, რომ ანასეულში არსებულ რადიაციის კერებთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” დიდი ხანია წერს, თუმცა, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
ცოტა ხნის წინ, ჩვენს საქმის კურსში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ჩავაყენეთ, რომელმაც, როგორც წერილიდან ირკვევა რეაგირება უკვე დაიწყო.
ამავე თემაზე: მიწაში დამარხული ბომბი და ევროკავშირთან აღებული შეუსრულებელი ვალდებულებები _ რა ხდება ანასეულში