პარლამენტმა მეორე მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სრული უმრავლესობით 115 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა.
,,ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ პირნათლად ვასრულებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის“, _ განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.
იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული 16-ე მუხლი, საიდანაც სიტყვების: – ”სახელმწიფო უსაფრთხოება”, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.
გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.
ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ”ხმოსანი“ ტერმინით – ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.